გუდაურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. 2018-2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის 6 ახალი საბაგიროს მშენებლობა და 1 საბაგიროს რეკონსტრუქცია სრულდება. მიმდინარე სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლები – ჟან ფრედერიკ პოლსენი, სანდრო ონოფრიშვილი და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.
ასევე, რეაბილიტირდა ახალ გუდაურთან დამაკავშირებელი 1.2 კმ-იანი გზის მონაკვეთი, რომელიც, როგორც ადგილობრივებს, ისე დამსვენებლებს კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. მიმდინარეობს სამუშაოები პარკირების სივრცის გაფართოებაზე.
მხარის გუბერნატორის განმარტებით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა გუდაური ზამთრის სეზონს სრულად მომზადებული შეხვდეს.
„განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა, დამატებითი საბაგიროების მშენებლობა, პარკირების სივრცის მოწესრიგება და გაფართოება კურორტს დამსვენებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ.