კოსტავა-შარტავას რეაბილიტირებულ ქუჩებზე მოწყობილი გზაგამყოფები გამწვანდა

23/10/2018

კოსტავა-შარტავას რეაბილიტირებულ ქუჩებზე მოწყობილ ახალ გზაგამყოფებზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებთან ერთად მიიღო. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად მერია აქტიურად მუშაობს.

„რამდენიმე დღის წინ გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ საშემოდგომო რგვის ფარგლებში დაახლოებით, 12 ათასი ხე-მცენარეა ჩამოსული, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა ადგილზე დაირგვება. როგორც გახსოვთ, აქ, სააკაძის მოედანზე მთლიანად ბეტონის გზაგამყოფები იყო და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, სადაც შესაძლებელია ასეთი მწვანე სივრცეების მოწყობა, ბეტონის ნაცვლად იყოს გამწვანება. დღეს სიმბოლურად დავრგეთ ნერგები. ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული და მადლობა მათ თანადგომისთვის, თუმცა, ეს უნდა გადაედოს მთლიანად ქალაქს, მოსახლეობას. ყველაზე მეტად რაც ჭირდება დღეს დედაქალაქს, ესაა გამწვანება და თბილისის მერია მზადა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შევცვალოთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაცია „მზის შვილების“ წევრებმა, ასევე, კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„გამომდინარე იმ მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობიდან, რაც ქალაქშია, ნებისმიერი ახალი ხე, ბუჩქი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის საქმე, რომელიც ყველანაირ პოლიტიკაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, ამაში მონაწილეობა მივიღოთ. მსგავსი აქციების პროპაგანდა უნდა მოხდეს. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის. თუ გვინდა, რომ ქალაქზე და ჩვენს შვილებზე ვიზრუნოთ, ნერგების დარგვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რაც ამ ქვეყანაში შეიძლება გაკეთდეს. ჩართულობა მისასალმებელია და მიხარია, რომ ბევრი ადამიანი მოვიდა და გულწრფელად მიიღო აქციაში მონაწილეობა“, – განაცხადა რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა.

„გამწვანება ჩემთვის პრიორიტეტია, ამიტომაც დაუფიქრებლად მოვედი და ვიშრომე, დავრგე ხეები, რომ ჩვენი ქალაქი უფრო გამწვანებული იყოს. არაჩვეულებრივი წამოწყებაა და ყველა ასეთ წამოწყებაში აუცილებლად მნახავთ მეც, იმიტომ, რომ მწვანე ქალაქი მინდა და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ“, – აღნიშნა მსახიობმა ბახვა ბრეგვაძემ.

გზაგამყოფ კუნძულებზე, რომელთა ფართობიც 2000 კვადრატული მეტრია, 4 სახეობის, 200 ძირი მერქნიანი მცენარე (ფოტინია, წყავი, ბზა, კედარი) დაირგო. ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია სარწყავი სისტემა. სამუშაოებს „ეკოსერვისი“ ახორციელებს.
მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, გზაგამყოფ კუნძულებზე, სკვერებში და ბაღებში 12 000-ზე მეტი მერქნიანი მცენარე დაირგვება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0