ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

23/10/2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებს იწყებს. პროექტის მიმდინარეობას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
პროექტი ითვალისწინებს XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა და სასაფლაოს აღდგენას პირვანდელი სახით. სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია ორ ეტაპად გაიყო. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც ითვალისწინებდა გზაზე ქვაფენილის დაგებას, წყალამრიდი ბეტონის კიუვეტების მოწყობას, ღობისა და ჭიშკრების აღდგენას პირვანდელი იერ-სახით, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და ქუჩის გარე განათების მოწყობას.
მხარის გუბერნატორმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და ყურადღება გაამახვილა სოფელ ასურეთში მიმდინარე მასშტაბური პროექტის მნიშვნელობაზე.
გუბერნატორის განცხადებით აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული ყველა პროექტი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს რეგიონში არსებული ტურისტული პოტენციალის, კიდევ უფრო მეტად, განვითარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0