პასუხისმგებლობა უკეთეს სამყაროზე

21/10/2018

რას ნიშნავს მცნება „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა“? რისთვის არის ის საჭირო? ერთი შეხედვით ხომ ეს მხოლოდ კომპანიის დამატებითი ხარჯებია, რომელიც მას დამატებით შემოსავალს ვერ მოუტანს (არადა, კომპანია სწორედაც რომ შემოსავლის მიღებისთვის მუშაობს…). მაგრამ, სამაგიეროდ, სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის სტატუსია, ადამიანურ კაპიტალში, გარე სამყაროსა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობებში ჩადებული ინვესტიციაა. მოკლედ რომ დავახასიათოთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა ზოგადად საზოგადოებისთვის (ქალაქისთვის, რეგიონისთვის, ქვეყნისთვის), იგი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის გზით, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სამეურნეო საქმიანობის ყველა მხარეზე, თუმცა, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესს სურს, რომ საზოგადოება და სახელმწიფოც ასეთივე იყოს.
სოციალური პასუხისმგებლობის თემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ქართული ბიზნესის ცნობიერებაში, რამდენადაც კომპანიები მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობების საფუძველს როდი წარმოადგენენ, არამედ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზეც ახდენენ გავლენას.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თორნიკე გურული აცხადებს: „ქართული კომპანიები სულ უფრო ხშირად ახორციელებენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს. ეს მოძრაობა მნიშვნელოვნად გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (SCRDG), დაიწყეს კომპანიებისთვის სხვადასხვა სახის სასწავლო ლიტერატურის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელოების გამოცემა და კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ანგარიშების გამოქვეყნება.
წამყვანი ქართული კომპანიების უამრავი წარმატებული პროექტის მოყვანა შეიძლება მაგალითად: „საქართველოს ბანკის“ პროექტი „სიცოცხლის ხე“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა; „თიბისი ბანკის“ პროექტი, რომელიც ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენას ემსახურება და პროექტი „წერე ქართულად“; ცხოვრების ჯანსაღი წესის დამნერგავი პროექტები, მაგალითად, კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტის“ ორგანიზებით მოწყობილი მარათონი.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ყველაფერი ქველმოქმედებიდან დაიწყო. თუმცა, ქველმოქმედება მხოლოდ ერთჯერადი დახმარებაა, რომლის გაწევითაც არ იღებ პასუხისმგებლობას მომავალში ამა თუ იმ პროექტის განვითარებაზე. კომპანიები დაკავებულნი არიან სოციალური კორპორაციული აქტიურობით, ვინაიდან ეს იმიჯის გაუმჯობესების კუთხით მეტად ხელსაყრელია – ხალხს დიდხანს ახსოვს, ვინ იყო ამა თუ იმ პროექტის ინიციატორი.
რაც შეეხება კანონმდებლობას, ის კომპანიას სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების განხორციელებას არ ავალდებულებს. საქართველოში არ მოქმედებს საგადასახადო შეღავათები საქველმოქმედო ან სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებზე.
რამდენიმე ხნის წინ შემუშავდა კანონპროექტი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ, თუმცა, მისი მიღება შეჩერდა. არადა, საქველმოქმედო ან სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებზე საგადასახადო შეღავათები ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.

„ჩვენ მედიისა და პიარის ფაკულტეტის პროგრამაში შევიტანეთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საგანი. ამიერიდან მას უნივერსიტეტში შეისწავლიან. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა იმგვარად მუშაობს, რომ კომპანიები ერთ ან რამდენიმე მიმართულებას ირჩევენ. შესაძლებელია ფონდების შექმნაც. მაგალითად, ისეთი მსხვილი ფონდები, როგორიცაა „ბოში“, აფინანსებს სიძულვილის ენის აღმოფხვრის, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცების, ჯანდაცვის სფეროს პროექტებს და ა. შ. საქართველოში პატარა ბაზარია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ 3,5 მილიონი ადამიანია, ამიტომ მსხვილი კომპანიები ჩვენთან ბევრ პროექტს არ ახორციელებენ. საქართველოში აქტიურად მუშაობს კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმი“, რომელიც ახორციელებს პროექტებს მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების დასახმარებლად, ასევე გარე სამყაროს დასაცავად. მინდა მოვიყვანო ძალიან საინტერესო მაგალითი „ტომსის“ – მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპანიაზე, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა. იდეა მარტივია: თქვენ ყიდულობთ წყვილ ფეხსაცმელს, კომპანია „ტომსი“ კი მეორე წყვილს ჩუქნის მას, ვისაც ეს ესაჭიროება. 2006 წლიდან კომპანიამ 35 მილიონ წყვილზე მეტი ახალი ფეხსაცმელი აჩუქა გაჭირვებულ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ“, – დასძენს თორნიკე გურული.

სოციალური პასუხისმგებლობის ბიზნესპრაქტიკის რეალიზაციის სტანდარტული რეცეპტი არ არსებობს – სხვადასხვა ქვეყნებსა და კომპანიებში ის განსხვავებულია. არც ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ერთიანი, ამომწურავი და უნივერსალური განსაზღვრება არსებობს. ევროპის კავშირი სოციალურ კორპორაციულ მდგრადობას შემდეგნაირად განმარტავს: „კონცეფცია, რომლის თანახმადაც კომპანიები თავიანთი საქმიანი მოღვაწეობისას საკუთარი ნებით განიხილავენ სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებს ამ მოღვაწეობით დაინტერესებულ ყველა მხარესთან ერთად“.
ღია სააქციო საზოგადოება „საქართველოს ლუდის კომპანია“, რომელიც ბაზარზე „ზედაზენის“ სახელითაა წარმოდგენილი, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში. მისი ლოზუნგია – „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“.

„თანამედროვე ტექნოლოგიები და ცხოვრების დატვირთული რიტმი ეროვნულ ტრადიციებს გვავიწყებს. ამიტომ, კომპანიამ კეთილი ტრადიციების აღდგენაზე ზრუნვა ითავა. ჩვენ შევქმენით ბრენდი „ხევსურული“, რომელშიც შევეცადეთ აღგვედგინა ქართული ორნამენტები და მთის ლუდის დამზადების ძველებური ტრადიციები. კომპანია კარგად აცნობიერებს პასუხისმგებლობას საზოგადოების სოციალურად მოწყვლადი წევრების მიმართ და მათ მხარდაჭერას ცდილობს. ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია სოციალურად მოწყვლადი წევრებისთვის არა მხოლოდ მატერიალური დახმარების გაწევა, არამედ კომფორტული გარემოს შექმნა, რათა მათ საზოგადოებაში თავისუფლად იგრძნონ თავი. ჩვენ ვასპონსორებთ ინვალიდთა კავშირს – „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსთვის“ და აქტიურად ვუჭერთ მხარს ინვალიდთა ეტლებით მოსარგებლე პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში, შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციას და ინვალიდთა დასაქმებას. კომპანიის თანამშრომელთა თითქმის 70% იძულებით გადაადგილებული პირია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი წარმოება გახსნის დღიდანვე უკვე თავისთავად სოციალური პროექტია. კომპანიამ ვალდებულება აიღო, შემოსავლის 3% საქველმოქმედო და სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტებზე დახარჯოს“, – აცხადებს „საქართველოს ლუდის კომპანიის“ პიარმენეჯერი ხათუნა მიქაცაძე.
„ჩვენ ხშირად მოგვდის მოსახლეობის წერილები ამა თუ იმ დაავადების მკურნალობაში დახმარების გაწევის თხოვნით. ხშირია მძიმე შემთხვევები, ზოგიერთ ოჯახს დახმარება განსაკუთრებით სჭირდება. მათ მიმართ კომპანია გულგრილი ვერ დარჩება“, – ამბობს მიქაცაძე.

ძალიან ხშირად კომპანიები სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტების პრიორიტეტებს თავად კომპანიის მოღვაწეობიდან გამომდინარე საზღვრავენ. მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „ვიონი საქართველოს“ („ბილაინი“) პიარმენეჯერი სოფო ბალავაძე აცხადებს:
„ჩვენ ვიწყებთ სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პროგრამირების გაკვეთილების პროექტებს, ასევე ავამოქმედებთ ონლაინკურსებს, რომლებიც აბსოლუტურად უფასო იქნება ყველასთვის. გარდა ამისა, ვაწყობთ ჰაკათონებს და ვაფინანსებთ სტარტაპებს, ახალი ტექნოლოგიების განვითარების მიზნით. ჰაკათონი დეველოპერების ფორუმია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები (პროგრამისტები, დიზაინერები, მენეჯერები) ერთობლივად მუშაობენ რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად“.
სოფო ბალავაძე მიიჩნევს, რომ იდეალურ ვარიანტში სოციალური პასუხისმგებლობა სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამიტომაც კლინიკების მშენებლობასა და საგანმანათლებლო კურსების დაფინანსებას გრძელვადიანი ეფექტი აქვს.
საქართველოში წარმატებით მოქმედებს ონკოლოგიურ ავადმყოფთა დახმარების ფონდი – „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“. გარდა ამისა, თბილისში გაიხსნა უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვთა პალიატიური დახმარების პირველი ცენტრი – ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“.
მეცენატობა, ქველმოქმედება, სპონსორობა – ეს ყველაფერი, რასაკვირველია, არსებობს საქართველოში. თუმცა, სულ უფრო მეტი კომპანია ირჩევს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, ქმნის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიას.
ბევრ პროექტს გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტის პერსპექტივა აქვს. „წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად დავიწყეთ პროექტი, რომელიც მდგრად განვითარებაზეა მიმართული.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და USAID-ის პროექტი „ზრდა“ ერთობლივად განახორციელებენ ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამას, 2 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ ანაკლია/ზუგდიდის და მიმდებარე სოფლების რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაში. USAID-ის პროექტ „ზრდის“ მონაწილეობა მილიონ დოლარს შეადგენს, ამდენივე თანხის ინვესტიციას კი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განახორციელებს.
მოსალოდნელია, რომ ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ეს პერიოდი გათვალისწინებულია USAID-ის პროექტ „ზრდისა“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ეკონომიკური განვითარების ერთობლივი პროგრამის შესამუშავებლად.
პროექტი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ მიმართულებებზე: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა; ადგილობრივ მცხოვრებთა კვალიფიკაციის ამაღლება როგორც ანაკლიის პორტში, ისე შრომის სხვა ბაზრებზე დასაქმებაში მხარდასაჭერად.
მთლიანობაში პროექტი მიმართულია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, გაეროს მდგარდი განვითარების პრინციპების შესაბამისად.
პროექტის დაწყებამდე ჩავატარეთ კვლევა, შევისწავლეთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენი გათვლებით, ანაკლიაში ერთი დასაქმებული პორტის ტერიტორიის მიღმა კიდევ ოთხი ადამიანის დასაქმებას შეუწყობს ხელს.
ანაკლიის რეგიონში ვგეგმავთ ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც, როგორიცაა საბავშვო ბაღების, საავადმყოფოებისა და სხვა ობიექტების მშენებლობა, – ამბობს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი თაფი ზაქარიაძე.
ზაქარიაძე მიიჩნევს, რომ საინტერესო იქნებოდა სახელმწიფოს მონაწილეობა სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევაში, რომლებსაც კერძო კომპანიები, მაგალითად, 2-3 წლის განმავლობაში დაუჭერდნენ მხარს.
როცა საუბარია კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, კომპანიის შიგნით საკუთარ თანამშრომლებთან დამოკიდებულება, ბუნებრივია, ასევე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს. მაგალითად, იაპონიაში სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა დაგეგმვაში კორპორაციული ქცევის საიმედო სამართლებრივი ფუნდამენტია.
იაპონიაში არსებობს გადაღლის პრობლემა და შესაბამისი ტერმინიც კი გაჩნდა – «karoshi» – გადაღლის მიზეზით გამოწვეული სიკვდილი სამუშაო ადგილზე. ხანგრძლივი სამუშაო დღის გამო, რომელიც საშუალოდ 12 საათს შეადგენს, იაპონელებს არაფრისთვის არ რჩებათ საკმარისი დრო. საბოლოოდ, იაპონიის მთავრობა გამოვიდა ინიციატივით „პრემიუმ პარასკევი“: თვის ყოველი ბოლო პარასკევი მოკლე დღედ გამოცხადდა. ეს სიახლე მუშაკებს საშუალებას მისცემს, თვეში ერთხელ გაცილებით ადრე დაასრულონ სამუშაო და თავისუალი დრო თვითგანვითარებასა და დასვენებას დაუთმონ. მთავრობის ინიციატივას ბევრმა კერძო კომპანიამ დაუჭირა მხარი.
ლიკა ჟორჟოლიანი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0