გერმანიის რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტის (BfR) პრეზიდენტი ანდრეას ჰენსელი და ამავე ინსტიტუტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი მაგნუს იეგერი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს, ნოდარ კერესელიძეს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდნენ.
მხარეებმა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი თანმიმდევრულად მიმდინარეობს; პარალელურად, ძლიერდება ის სამსახურები, რომლებიც სურსათის უვნებლობის მიმართულებით მუშაობს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელმა სტუმრებმა შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის წარმომადგენლებთანაც გამართეს და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ.
„ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავებას. გვსურს რისკის შეფასების მართვისა და კომუნიკაციის სისტემის ჩამოყალიბებაში ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ რისკის შეფასების მიმართულებით საქმიანობაში გაქვთ წინგადადგმული ნაბიჯები“, – აღნიშნა ანდრეას ჰენსელმა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ქართული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.