გლდანის რაიონში, გობრონიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

12/10/2018

გლდანის რაიონში, გობრონიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე გამავალი ხევძმარას კოლექტორისა და საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„მუხიანში, გობრონიძის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე მიწა ჩავარდა. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების შესრულება დაიწყო. ტერიტორიაზე განთავსებული წყლის ცენტრალური კოლექტორი მთლიანად იყო დაზიანებული, ბეტონის სახურავი კი – ჩანგრეული, რის გამოც, ამ კონკრეტული ადგილის ჩამორეცხვა ხდებოდა. შესაბამისად, მოხდა გზის სავალი ნაწილის ჩანგრევაც. საგზაო მონაკვეთი, რომლითაც, როგორც მუხიანში, ასევე გლდანში მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ, 15 სექტემბერს ჩაიკეტა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და ნოემბრის ბოლოს დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებს საფრთხე არ შეექმნას, შესაბამისი სამუშაოები საფუძვლიანად ჩატარდება.

„გვირაბში შესვლისა და დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობს კონკრეტული პრობლემური ადგილები და ხდება ძირის გამორეცხვა. იმისთვის, რომ სამომავლოდ, ნებისმიერი საფრთხე ავიცილოთ თავიდან, გზის აღნიშნული მონაკვეთი აუცილებლად მოსაწესრიგებელი იქნება. ზოგადად, გაუგებარია, როგორ ხდებოდა ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობებზე ნებართვების გაცემა. შეიძლება ითქვას, ყველა შენობა პირდაპირ სანიაღვრე არხზეა დაშენებული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანიაღვრე არხი და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები უსაფრთხო იყოს. საჭირო სამუშაოებს ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დაზიანებული კოლექტორის აღდგენითი სამუშაოები გზის სავალი ნაწილიდან 15 მ სიღრმეზე მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ასევე, გზის 20-მეტრიან მონაკვეთს უტარდება. სამუშაოების ფარგლებში, კოლექტორი კაპიტალურად აღდგება, მოეწყობა ბეტონის ახალი კონსტრუქცია და მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „პალიტრა“ აწარმოებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 650 000 ლარია. გობრონიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0