რომანოვების სასახლესა და ლიკანის ისტორიულ კომპლექსს სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილი „რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტის“ შესახებ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო. პროექტის ფარგლებში, იგეგმება რომანოვების სასახლის რესტავრაცია, ორანჟერეის აღდგენა, ისტორიული პარკის კეთილმოწყობა და დენდროლოგიის გეგმის შემუშავება. ასევე, სასტუმრო-საკონფერენციო ბლოკის დაპროექტება, საფეხმავლო ხიდისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა.
პროექტში ჩართულ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფცია საზოგადოებას ლიკანის ისტორიულ კომპლექსში „საპარტნიორო ფონდისა“ და მისი შვილობილი კომპანიის „ლიკანის რეზიდენცია“ წარმომადგენლებმა გააცნეს.
პროექტის პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ გახსნა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვლმაც მიმართა. მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება ლიკანში ტურისტთა რაოდენობას კიდევ უფრო საგრძნობლად გაზრდის და იგი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ხალხმრავალი ტურისტული ლოკაცია იქნება მთელ საქართველოში.
რომანოვების სასახლესა და ლიკანის ისტორიულ კომპლექსს სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება
12/10/2018