ვარძიაში, შოთა რუსთაველის მშობლიურ კუთხეში ,,პოეზიის სახალხო დღესასწაული – შოთაობა” გაიმართა. დღესასწაული სოფელ რუსთავიდან დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაბა ასპინძაში და სოფელ რუსთავში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. ტრადიციულად სახალხო დღესასწაულზე მობრძანებულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრებისა და შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას. ასევე, სახალხო დღესასწაულისთვის სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში ადგილობრივ სამზარეულოსა და მეხსურ ტრადიციებს. პარალელურ რეჟიმში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ჭიდაობასა და საჯილდაო ქვის აზიდვაში. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ მედლებით, თასებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვა. სახალხო დღესასწაული მრავალჟამიერის ფონზე გაიხსნა. დღესასწაული ასპინძელებს მიულოცეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ. საზეიმო კონცერტში მონაწილეობას ღებულობდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი და ქორეოგრაფიული ჯგუფები მეზობელ მუნიციპალიტეტების შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად. ღონისძიებაზე მწერალთა კავშირის წევრებმა და სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა პოეტებმა საკუთარი შემოქმედებით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი პოეზიის უდიდეს გენიას შოთა რუსთაველს. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ღონისძიებაზე დაჯილდოვდა გაზეთ “ლიტერატურული მესხეთის” მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული, ნათია ჭინჭარაული და გადაეცა პირველი პრემია 1000 ( ერთი ათასი ლარი).
დღესასწაულზე 2018 წლის ახალდაქორწინებულ წყვილებს ტრადიციულად “ვეფხისტყაოსანი” გადაეცათ საჩუქრად. სახალხო დღესასწაულს ადგილობრივების გარდა, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრები, რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები და უცხოელი ტურისტები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ღონისძიებაზე ასევე მონაწილეობდნენ „აწარმოე საქართველო“ -ს მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები, მობრძანებულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ და ადგილზე დაეგემოვნებინათ ქართული ნაწარმი. „პოეზიის დღესასწაული- შოთაობა” ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ყოველწლიურად აღინიშნება.
დღესასწაულს საფუძველი 1966 წელს ჩაეყარა.
ვარძიაში, შოთა რუსთაველის მშობლიურ კუთხეში ,,პოეზიის სახალხო დღესასწაული – შოთაობა” გაიმართა
29/09/2018