თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ლატვიის ელჩს შეხვდა

20/09/2018

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ინგრიდა ლევრენცესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე მონაწილეობდნენ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ლატვიის ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი ტყემალაძემ საქართველოსა და ლატვიის ურთიერთობებზე, მეგობრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, ინგრიდა ლევრენცეს მიერ ელჩის თანამდებობაზე რამდენიმეთვიანი მუშაობის ნაყოფიერი შედეგი.

„ვიცნობთ თქვენს საქმიანობას, განსაკუთრებით ბოლო თვეებში საქართველოში მუშაობის პერიოდს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მნიშვნელოვანი აქტიურობისთვის, რომელიც უკვე გასწიეთ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს საქმიანობა მომავალში გააქტიურდება, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ლატვიის ხელისუფლებას და ლატვიელ ხალხს მადლობა გადაუხადა იმ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, რომელსაც ეს ქვეყანა საქართველოს მიმართ იჩენს. გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე და ამ კუთხით ევროსაბჭოში თვითმმართველობების რეგიონულ კონგრესში ლატვიის დელეგაციასთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ლატვიის ელჩის მხარდაჭერით, ეს ურთიერთობა მომავალში უფრო გააქტიურდება. მისივე თქმით, ხალხებს შორის მეგობრობაში ადგილობრივ თვითმმართველობას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ლატვიის ელჩმა საკრებულოს თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ორი ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზე ურთიერთობების დაახლოებაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველოში ლატვიის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტებს გაუსვა ხაზი. მან მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს ლატვიის სათვისტომოს მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა შეხვედრაზე კონკრეტული, ერთობლივი პროექტების დაგეგმვაზე ისაუბრეს. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნები და მათ შორის ლატვია, ევროკავშირისკენ მომავალ გზაზე სამაგალითოა საქართველოსთვის. მან აღნიშნა, რომ ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავება მნიშვნელოვანია და ამ მხრივ კონკრეტული პროექტების განხორციელებას გაუსვა ხაზი.
რიმა ბერაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მოსახლეობის 17% ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები არიან და ლატვიის სათვისტომოსთან აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, თვითმმართველობების დონეზე დიასპორებთან ურთიერთობებს და ამ მხრივ ლატვიის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა მნიშვნელოვანია.
შეხვედრის ბოლოს მხარეები მომავალში აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0