სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამკვიდროს ახალი ტრადიცია ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში

09/09/2018

მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების“ მონაწილეობის საკითხი. უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნება“ იცავს პირობას და საპრეზიდენტო არჩევნებში არ წარადგენს თავის კანდიდატს.
შეგახსენებთ ამ გადაწყვეტილების მიზეზებს:
– საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება თავს იყრის პარლამენტსა და მთავრობაში, ხოლო პრეზიდენტი აღჭურვილია არსებითად წარმომადგენლობითი უფლებამოსილებებით. ამ სისტემაში, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და მიუკერძოებელი თანამდებობის პირი და ის არ უნდა წარმოადგენდეს არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის ინტერესებს, არამედ ის უნდა იყოს ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი.
– საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა დამკვიდრდეს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირების ახალი, ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელი ტრადიცია, რასაც ჩვენს მიერ პარტიული კანდიდატის წამოყენება უდაოდ ხელს შეუშლიდა.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდში არაერთი ღირსეული ლიდერი გვყავს, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვება შეეძლო, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაქსიმალური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის თანამდებობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დავუთმოთ.
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ამოიწურა საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელების ვადა, რამაც მოგვცა საშუალება არჩევანი გაგვეკეთებინა წარდგენილ კანდიდატებს შორის.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას:
– ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ქართული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძისა და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი;
– მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება;
– საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა;
– რამდენიმეწლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში, ის თავგამოდებით იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სამართლიანობის დასაცავად;
– ბოლოს, ის იყო საქართველოს პარლამენტის ღირსეული წევრი და ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილება და მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი.
ვფიქრობთ, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამკვიდროს ახალი ტრადიცია ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში, მას შეუძლია პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს არა რომელიმე პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით.
ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებთ, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0