“თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში იმ სტაბილურობის და მშვიდობის გარანტიაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან” – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მრავალეროვნულ წვრთნებში მონაწილე სამხედროებს და სწავლება – „ღირსეული პარტნიორი 2018“ გახსნა. როგორც საქრათველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და რეგიონის უსაფრთხოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სწავლებაში საქართველოსთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი 12 ქვეყანა მონაწილეობს: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.
“დღეს ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი მეგობრობა, ჩვენი საერთო მიზნები მიმართულია, მშვიდობის, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის და მათი ყოფის დაცვისაკენ. უმნიშვნელოვანესია ის წვლილი, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი და თქვენი ქვეყნების სიძლიერეში. ჩვენი მეგობრობა მიმართულია იქით, რომ დავიცვათ მთავარი ღირებულება, ჩვენი ქვეყნების მდგრადობა, ჩვენი საზოგადოებების სტაბილურობა. პატივცემულო ჯარისკაცებო, თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში არის გარანტია იმ სტაბილურობის და მშვიდობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან.
დღეს ჩვენ ქართველ ჯარისკაცებს ზურგს უმაგრებს ის მრავალი გმირობა, რომლებიც თქვენმა თანამებრძოლებმა ბრძოლის ველზე ჩაიდინეს. დღეს თქვენ დგახართ იმ ქვეყნის მიწაზე, რომლის 20% სრულიად უკანონოდ ოკუპირებულია ჩვენი რუსი მეზობლის მიერ, მაგრამ თქვენ დგახართ იმ მიწაზე და იმ ჯარისკაცების გვერდით, რომლებიც ამ ტეროტორიას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლაიანობას მშვიდობით აღიდგენენ და მშვიდობით დაიბრუნებენ. მივესალმები თქვენს ერთობას, ერთმანეთის გვერდით დგომას.
მივესალმები იმას, რომ თქვენ ამ დღეების განმავლობაში დახვეწავთ თქვენს საბრძოლო უნარებს. ჩვენი მიზანია, რომ ეს საბრძოლო უნარი არასოდეს იყოს გამოყენებული რეალური ბრძოლის დროს, რომ არ დაიღვაროს არცერთი ჯარისკაცის სისხლი, მაგრამ ამის საწინდარია თქვენი პროფესიონალიზმი და სიძლიერე. ქართველი ხალხის სახელით მადლობას გიხდით იმ სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოს უწევთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი ქვეყნები, საიდანაც ჩამობრძანდით და ღმერთმა დალოცოს საქართველო!”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით განხორციელდება.
„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. ამჯერად, სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.