დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობისთვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელი გამკაცრდა

20/07/2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები უკვე გამოქვეყნდა. ცვლილების აუცილებლობა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობის კუთხით პრაქტიკაში არსებულმა პრობლემებმა და დანაშაულის ხასიათთან სასჯელის შეუსაბამობამ განაპირობა.
დღეს მოქმედი კანონით, ყველა კატეგორიის (ნაკლებად მძიმე, მძიმე, განსაკუთრებით მძიმე) დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობისთვის ერთი და იგივე სანქცია არის გათვალისწინებული, რაც აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას არაეფექტიანს ხდის. მოქმედი რედაქციის მიხედვით, როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია და ისჯება: დაფარვა – 1-დან 3 წლამდე, ხოლო შეუტყობინებლობა – 2-დან 4 წლამდე.
მიღებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ერთმანეთისგან იმიჯნება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა და მათი სოციალური საშიშროების მიხედვით, შესაბამისი სანქციები წესდება.
მკაცრად დაისჯება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა. დღეს არსებული რედაქციისგან განსხვავებით, ცვლილების შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა მძიმე კატეგორიის დანაშაული იქნება, რომლის ჩამდენი პირების მიმართ აღარ იქნება შესაძლებელი პირობითი მსჯავრის გამოყენება. სანქციები იზრდება, ასევე, ცრუ ჩვენების მიცემისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის. ცრუ ჩვენების კუთხით, პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულ შემადგენლობაზე (ანგარება ან სხვა პირადი მოტივი) სანქციის ზედა ზღვარი იზრდება 2 წლით, რითაც აღნიშნული დანაშაული მძიმე კატეგორიის დანაშაულად იქცევა, რომლის ჩამდენი პირის მიმართ აღარ იქნება შესაძლებელი პირობითი მსჯავრის გამოყენება. ასევე, 2 წლით იზრდება სანქციის ზედა ზღვარი ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, რითაც დანაშაული მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება.
დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის ბოლო 6 თვის განმავლობაში 24 პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რაც უტოლდება 2017 წლის მთლიან მონაცემს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0