ბიურომ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა. განსახილველ საკითხებს დაემატა:
• კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“. საქართველოს მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილი პროექტი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. იგი ხორციელდება სახელმწიფო პენსიისა და კომპენსაციის უზრუნველყოფისგან დამოუკიდებლად. აღნიშნული კანონი გავრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც დასაქმებულია სამოქალაქო და შრომის (საქართველოს ან უცხო ქვეყნის) კანონმდებლობებით დადგენილი წესით, ან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არიან საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი) ან მისი მოვალეობის შემსრულებელი, ან ასრულებენ ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ და მასთან გათანაბრებულ ორგანოებში სამსახურთან. კანონპროექტით დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა; განისაზღვრება სსიპ საპენსიო სააგენტოს შექმნისა და საქმიანობის წესები, აგრეთვე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები; კანონპროექტი აგრეთვე აწესრიგებს დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირებასთან, საპენსიო სქემაში გაწევრიანებასთან, დავების გადაწყვეტასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტი მეორე მოსმენით იქნება სხდომაზე განხილული.
• ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“.
ორგანული კანონის პროექტი არეგულირებს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ორგანული კანონის პროექტში მოწესრიგებულია საპარლამენტო, საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები. პროექტი სხდომაზე მეორე მოსმენით იქნება განხილული.
• დაჩქარებული წესით წარმოდგენილი რამდენიმე კანონპროექტი, მათ შორის, კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტის თანახმად, გადასახადის გადამხდელებს სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ მათ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ აღარ განუხორციელებიათ საგადასახადო ანგარიშგება.
ბიუროს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით 2018 წლის 4 ივლისიდან მოწვეული საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომების კვირაში, დასვენების დღეს – შაბათს, 21 ივლისის 12 საათიდან პარლამენტის პლენარული სხდომის გამართვის შესახებ.