სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

18/07/2018

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომლითაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით. სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა.
ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც განმარტა შემდეგი: „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები – შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. – ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.“
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2006 წლის 27 იანვარს, 23:00 საათისთვის ქ.თბილისში, კაფე „შარდენში“ იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე – თამარ მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი – დავით ახალაია, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი – ოლეგ მელნიკოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი – ვასილ სანოძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი – გურამ დონაძე და მათთან დაახლოებული პირები ანა კალანდაძე და თათია მაისურაძე.
ამავე ბარში, მოგვიანებით მივიდა თათია მაისურაძესთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ალექსანდრე გირგვლიანი, თავის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად. ალექსანდრე გირგვლიანსა და თათია მაისურაძეს შორის პირად საკითხებზე გაიმართა დაძაბული საუბარი, რა დროსაც ალექსანდრე გირგვლიანმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია თ.მაისურაძის სუფრის წევრები.
აღნიშნულის გამო, დავით ახალაიას დავალების შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ შურისძიების მოტივით და მასთან ანგარიშსწორების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა გერონტი ალანიამ და მასთან ერთად მყოფმა ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ალექსანდრე ღაჭავამ და დავით ქოქიაშვილმა, ქუჩაში მყოფი ალექსანდრე გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და გაიტაცეს ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ალექსანდრე გირგვლიანის გვამი მრავლობითი დაზიანებებით ნაპოვნი იქნა 2006 წლის 28 იანვარს.
ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებისთანავე, შს მინისტრმა, ივანე მერაბიშვილმა დადასტურებულად იცოდა, რომ: დანაშაულში იმხილებოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავით ახალაია, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლები; „შარდენ ბარში“, სადაც ივანე მერაბიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე – თამარ მერაბიშვილი, ალექსანდრე გირგვლიანსა და დავით ახალაიას მაგიდის წევრებს შორის მოხდა ინციდენტი, რაც გახდა ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ანგარიშსწორების მოტივი; დავით ახალაია წარმოადგენდა ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის ინიციატორს; ამ დანაშაულის აღსრულებაში მონაწილეობდა ოთხზე მეტი პირი და ყველა მათგანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი.
ამის პარალელურად საზოგადოებაში სულ უფრო მძაფრდებოდა უარყოფითი რეაქცია და აღშფოთება ალექსანდრე გირგვლიანის გატაცების და გარდაცვალების ფაქტის გამო, გაჩნდა ხელისუფლებისგან ამ საქმის გამოძიების, ჭეშმარიტების დადგენისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნა.
საზოგადოების მღელვარების მატებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ასევე ინფორმირებული იყო ალექსანდრე გირგვლიანის გატაცებაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას ორგანიზატორობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის თამარ მერაბიშვილის დანაშაულთან შესაძლო შემხებლობის შესახებ, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანაშაულის გარემოებების სრულად გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და გარდაუვლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
ზემოაღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, უშუალო ჩართულობითა და მასთან წინასწარი შეთანხმებით, დაიგეგმა და განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებებს საშუალება მიეცათ მიკერძოებულად, არაობიექტურად და არასრულყოფილად გამოეკვლიათ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, დაეფარათ დანაშაულის გამომწვევი რეალური მიზეზები და მასში მონაწილე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები, რითაც უზრუნველყოფილი იქნა ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის ფალსიფიკაცია, არაადეკვატური სასჯელის დადგენა და განაჩენის არაჯეროვანი აღსრულება.
კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი, რომლისთვისაც იმთავითვე ცნობილი იყო, რომ საქმესთან კავშირი ჰქონდათ მის ხელქვეითებს და შესაძლოა მის მეუღლე თამარ მერაბიშვილსაც, ვალდებული იყო უზრუნველეყო ქმედითი ოფიციალური გამოძიება, დამრღვევთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, რისთვისაც გამოძიებაზე პასუხისმგებელი და წარმმართველი პირები დამოუკიდებელი და მიუკერძოებლები უნდა ყოფილიყვნენ.
ნაცვლად იმისა, რომ მიეღო ერთადერთი სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება და აეცილებინა მისი უწყებისთვის ამ საქმის გამოძიება, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით დაუყოვნებლივ გადაეცა პროკურატურისთვის, ივანე მერაბიშვილმა საქმის გამოძიების გაგრძელება დაავალა მისდამი დაქვემდებარებულ უწყებას, რაშიც აქტიურად იყო ჩართული ალექსანდრე გირგვლიანის გატაცების ორგანიზატორი დავით ახალაია.
გამოძიებაში განზრახ დაშვებული აღნიშნული ხარვეზის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა იმას, რომ არ დადგენილიყო საქმის რეალური გარემოებები და დანაშაულის ჩამდენი პირები, 2006 წლის 26 იანვრიდან 05 მარტამდე პერიოდში გამოძიებას აწარმოებდნენ ივანე მერაბიშვილის უწყების გამომძიებლები, რომლებიც ინსტიტუციონალურად და იერარქიული სუბორდინაციით დაკავშირებული იყვნენ საქმეში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან და დამოკიდებულნი იყვნენ იმ პირებზე, ვინც პირადი მიზნებით დაინტერესებული იყვნენ საქმის არასათანადო გამოძიების შედეგით. აღნიშნულის გამო არ იყო უზრუნველყოფილი საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება.
თავის მხრივ, დავით ახალაიამ, 2006 წლის თებერვალში, შეკრიბა გატაცებაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და კატეგორიულად მოითხოვა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე საჭირო იყო რამოდენიმე მათგანს თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა და არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა თანამდებობის პირები. სანაცვლოდ, თითოეულ მათგანს დაპირდა, რომ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და ხანმოკლე ვადაში გათავისუფლდებოდნენ სასჯელისგან, პრეზიდენტის შეწყალებით. გარდა ამისა, თითოეულს დაპირდა საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, ოჯახური ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ ფულად თანხას და სხვა შეღავათებს, რაც დაკავშირებული იყო სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილიგირებული პირობების შექმნასთან.
აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა განსაზღვრას, გადაწყდა რომ დამნაშავეთა დასჯის მზარდი საზოგადოებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, დანაშაულში მონაწილე დაბალი რანგის თანამდებობის პირებთან ერთად, პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გერონტი ალანია. დავით ახალაია და დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა თანამდებობის პირები კი აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისაგან.
ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც ასევე შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა საკითხის გადაწყვეტას და მსჯავრდების შემდგომ სასჯელის მოხდისგან შეწყალებით ვადამდე გათავისუფლებას. მიხეილ სააკაშვილმა დავით ახალაიას უთხრა, რომ გირგვლიანის საქმით გამოწვეული საზოგადოებაში არსებული მზარდი მღელვარების ჩასაცხრობად, რამოდენიმე დაბალი რანგის თანამდებობის პირთან ერთად პასუხისგებაში მიეცემოდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გერონტი ალანია. დათა ახალაია და სხვა თანამდებობის პირები კი აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისაგან. ამასთან დავით ახალაიას შეპირდა, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს შეიწყალებდა მათი მსჯავრდების შემდეგ.
ურთიერთშეთანხმებული გეგმის შესაბამისად, დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, 2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ თითქოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის, დავით ახალაიას უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გერონტი ალანია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ოპერატიული თანამშრომლები: ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური, რომლებიც დაკავებულ იქნენ ალექსანდრე გირგვლიანის სასიკვდილო შედეგით ჯანმრთელობის დაზიანების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით.
დავით ახალაიას მიერ მიცემული დაპირების გასამყარებლად და მორალური მხარდაჭერის გამოსახატად, შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი დაკავებისთანავე პირადად შეხვდა ბრალდებულებს ე.წ. „მოდულის“ შენობაში არსებული წინასწარი დაკავების საკანში, თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მათ და უთხრა რომ არანაირი პრობლემები არ ექნებოდათ დავით ახალაიას მიერ მათთვის მიცემული დაპირების შესრულებასთან დაკავშირებით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე და ალექსანდრე ღაჭავა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ: გ.ალანიას თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლითა და ექვსი თვის ვადით, ხოლო მ.ბიბილურიძეს, ა.აფციაურს და ა.ღაჭავას – ექვსი წლისა და ექვსი თვის ვადით.
ა.გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები სასჯელის მოხდის პერიოდში, ბაჩანა ახალაიას ძალისხმევით, წინასწარი დაპირების შესაბამისად, სარგებლობდნენ კანონით აკრძალული შეღავათებით.
გარდა ამისა, მათ დანაშაულის რეალური გარემოებების, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულში დავით ახალაიასა და შს სამინისტროს სხვა თანამშრომლების დაფარვის სანაცვლოდ, ეტაპობრივად გადაეცათ დიდი ოდენობით თანხები.
2008 წლის 24 ნოემბერს, წინასწარ შემუშავებული და ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, N768 განკარგულებით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულ სახელმწიფო მოხელეებს: გ.ალანიას, ა.ღაჭავას, მ.ბიბილურიძისა და ა.აფციაურს.
მიხეილ სააკაშვილის განზრახ უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, მსჯავრდებული პირების მიმართ სასჯელის განახევრების გამო შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რის საფუძველზეც მსჯავრდებულები სასჯელის მოხდისგან სრულად გათავისუფლდნენ.
ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების ერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა მოქმედებებმა, განაპირობა ის რომ ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება და არ შესრულდა სასჯელის მიზნები. ამავდროულად, აღნიშნულით უზრუნველყოფილი იქნა საქმის რეალური გარემოებების ფალსიფიკაცია და დათა ახალაიას და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან აცილება, რამაც ალექსანდრე გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში, ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია კიდევ 7 პირის, მათ შორის ივანე მერაბიშვილის და ბაჩანა ახალაიას მიმართ, ხოლო დავით ახალაიას მიმართ საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0