საქართველოს პარლამენტი მაქსიმალურად გახსნილია საზოგადოებისთვის

18/07/2018

„პარლამენტის სურვილი და ენთუზიაზმი, რომ გახდეს მაქსიმალურად ღია, მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაქსიმალურად ანგარიშვალდებული ორგანო, პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს ზოგად ამბიციასთან – გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა და შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს პარლამენტის საქმიანობის, მიზნებისა და ღია მმართველობის მიმართულებით არსებული მიღწევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ამ სულისკვეთებით, გასული წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული – თვისობრივად გაძლიერდა საქართველოს დემოკრატიული სისტემა და ქვეყანაში დამკვიდრდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინსვლა ფუნდამენტურია და მისი მიღწევა შეუძლებელი იყო შესაბამისი პოლიტიკური ნების გარეშე.

„ჩვენ შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა გასული წლების განმავლობაში, ჩვენ თვისებრივად გავაძლიერეთ ჩვენი დემოკრატიული სისტემა და ჩვენ დავამკვიდრეთ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები ჩვენს ქვეყანაში. წინსვლა არის ფუნდამენტური და ამ წინსვლის მიღწევა შეუძლებელი იყო, რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკური ნების გარეშე. დღეს პრემიერმინისტრმაც აღნიშნა, რომ გადამწყვეტი ამ ყველაფერში არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნება და ჩვენ გვქონდა შესაბამისი პოლიტიკური ნება, რათა განგვეხორციელებინა ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი დემოკრატიის გასაძლიერებლად და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დასამკვიდრებლად. ამას ეფუძნებოდა, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის სურვილი, ნება, რომ მაქსიმალურად გაგვეხსნა საპარლამენტო პროცესები საზოგადოებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამისთვის, საქართველოს პარლამენტში კონკრეტული რეფორმები გატარდა და საპარლამენტო საქმიანობა სრულიად ღიაა საზოგადოებისთვის, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით ესეც არ არის საკმარისი.

„ინფორმაცია საპარლამენტო საქმიანობის შესახებ არის აბსოლუტურად ღია საზოგადოებისთვის. ჩვენ არ გვაქვს არაფერი დასამალი. ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტის საქმიანობასთან, არის სრულად ღია და საჯარო საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება უშუალოდ იყოს ჩართული საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამ კუთხითაც ჩვენ გვაქვს არსებითი წინსვლა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არიან ადამიანები, რომელთა აზრით, ავტოკრატია განვითარების წამახალისებელი ფაქტორია, რასაც, მისივე თქმით, თავად კატეგორიულად არ ეთანხმება.

„არიან ადამიანები, ამ სამყაროში, საკმაოდ ბევრი ადამიანიც, რომელიც ფიქრობს, რომ ავტოკრატია და ავტორიტარიზმი არის განვითარების წამახალისებელი ფაქტორი. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას და პირიქით, მიმაჩნია, რომ დემოკრატია არის არა მხოლოდ უკეთესი ფორმა მმართველობის ხალხთან ინტერაქციის თვალსაზრისით, არამედ ეს არის უკეთესი საშუალებაც იმისთვის, რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყნები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღიაობის, გახსნილობისა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფასთან ერთად, ქვეყანამ განვითარების ძალიან სწრაფი ტემპის მიღწევაც შეძლო. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანა მაქსიმალურად ეფუძნება დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე და ამ სულისკვეთებით მოქმედებს საქართველოს პარლამენტიც.

„ეკონომიკური განვითარების კუთხით, ჩვენი ქვეყანა არის გამორჩეული. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენს რეგიონში და ეს ყველაფერი მოვახერხეთ იმასთან ერთად, რომ არის უზრუნველყოფილი დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი, აქედან გამომდინარე, გვჯერა და გვწამს, რომ არათუ კონფლიქტში არ არის ერთმანეთთან დემოკრატია, ღიაობა, საჯაროობა და განვითარება, არამედ პირიქით-ღიაობა, დემოკრატია, გამჭვირვალობა არის საუკეთესო წინაპირობა იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. ის, რომ ჩვენ ვართ ლიდერი რეგიონში განვითარების თვალსაზრისით, არის ზუსტად იმის დამსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა არის მაქსიმალურად დაფუძნებული დემოკრატიის პრინციპებზე და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე. ამ სულისკვეთებით მოქმედებს საქართველოს პარლამენტიც. ინფორმაცია საპარლამენტო მუშაობის შესახებ არის აბსოლუტურად გახსნილი, ჩვენ ვართ გახსნილი საზოგადოებისთვის, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩავრთოთ საზოგადოება საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამ მიმართულებით გვაქვს მუდმივი წინსვლა და პროგრესი. ეს წინსვლა იქნება უზრუნველყოფილი მომავალშიც“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტულ ცვლილებებსა და რეფორმებზე საუბრისას, პოლიტიკურ ნებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანების როლიც. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს ამბიციური გუნდი ჰყავს და მთავარია, გუნდის შესაბამისი რეფორმების განხორციელების მაქსიმალური საშუალება მიეცეს.

„როდესაც საუბარია კონკრეტულ ცვლილებებზე, კონკრეტულ რეფორმებზე, ერთია პოლიტიკური ნება, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანების როლი ამაში და მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტს ჰყავს ძალიან ამბიციური გუნდი და სწორედ ამ ამბიციური გუნდის დამსახურებაა ის, რომ გატარდა მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტში, მთავარია, რომ ასეთ ადამიანებს- ქალბატონი ირინა ფრუიძე არის ამ კუთხით ჩვენი ლიდერი საპარლამენტო მუშაობის ლიდერი, მაქსიმალური საშუალება მიეცეთ, რომ გატარდეს შესაბამისი რეფორმები. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და თითოეულმა ჩვენგანმა ამ პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0