ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, იმ ოთხ მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც პოლონეთში, ბიზნესის მასტერკლასში მიიღებენ მონაწილეობას. მარიამ საყვარელიძე, ლუკა გელიაშვილი, ანა ყაფლანიშვილი და ანნა ჩილინგარაშვილი პროექტში მონაწილეობის მისაღებად ხვალ გაემზგავრებიან.
პომორსკის მხარის ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია მხარს უჭერს პროექტს ,,გდანსკის ბიზნესის კვირა“, რომელსაც ატარებს გდანსკის ბიზნესასოციაცია ადგილობრივ მერიასა და ამერიკული ფონდის ,, კერძო საწარმოო განათლების საფუძველი“-სთან ერთად. ბიზნეს მასტერკლასი არის 15-19 წლის ახალგაზრდებისათვის. პროექტი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან წარმატებულია ახალგაზრდებში, პედაგოგებში, ასევე ბიზნესით დაინტერესებულ პირებში.
მასტერკლასი ჩატარდება 100 მოსწავლისათვის და გაგრძელდება 6 დღე. მეცადინეობას, პოლონეთის ბიზნესმენების მხარდაჭერით, ჩაატარებენ ამერიკელი მენეჯერები ინგლისურ ენაზე Boeing, Apple, microsoft-დან.
მგზავრობისა და საწევროს თანხას აანაზღაურებს ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ხოლო დანარჩენ ხარჯებს პროექტი.
დავით შერაზადიშვილმა მოსწავლეებს წარმატებებები უსურვა.
“ხვალ, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, პოლონეთში მიემგზავრება ოთხი ახალგაზრდა, რომლებიც პროქტში ,,გდანსკის ბიზნესის კვირა“ მიიღებენ მონაწილეობას. ვფიქრობ, ეს არის უნიკალური შანსი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავალში ბიზნეს საქმიანობით არიან დაინტერესებულები. მიხარია, რომ ასეთი მოტივირებული ახალგაზრდები გვყავს მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა ჩვენი ვალდებულებაა, ასეთ მოსწავლეებს მხარი დავუჭიროთ წინსვლასა და განვითარებაში. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტი ამ ახალგაზრდებს მგზავრობისა და საწევროს ხარჯებს აუნაზღაურებს. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.