საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საგანგებო სიტუაციების და კრიზისების მართვის ნაწილში ქმედითი, ინიციატივები კი მისასალმებელია

13/07/2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისარს ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა, რომელიც ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს და ხაზი გაუსვეს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე, რეფორმების განხორციელების პროცესში მიაღწია.
ქრისტოს სტილიანიდისის შეფასებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ქვეყნის წარმატებების მკაფიოდ გამოხატული დადასტურებაა.
აგრეთვე, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.
შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგანგებო სიტუაციებისა და კრიზისების მართვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და ინიციატივებზე. ითქვა, რომ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვნად გაზრდის ეფექტიანობას ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში. აღინიშნა მოხალისეების როლი და პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობა.
აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ადმინისტრაციულ შეთანხმებას, რომელიც დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალურ დირექტორატს შორის გაფორმდება. მხარეების შეფასებით, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის მეტ ინტეგრაციას ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმთან.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს მთავრობის მიერ რეფორმების განხორციელების პროცესში და ქრისტოს სტილიანიდისს პირადად გადაუხადა მადლობა კრიზისების ეფექტური მართვის ნაწილში გაწეული დახმარებისთვის.
თავის მხრივ, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს, როგორც სტრატეგიული და საიმედო პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით. მისივე თქმით, ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მთავრობის გვერდით.
სტილიანიდისის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოდერნიზაციის პროცესში და სამომავლო გეგმები სამსახურის განვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის – ინსტიტუციური, ადამიანური რესურსების, ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური აღჭურვილობის ნაწილში მისასალმებელია.
აგრეთვე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა ევროკავშირის გამოცდილების გაზიარების მიზნით, საერთაშორისო ფორმატებში მონაწილეობა გაააქტიუროს.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
პრემიერისა და ევროკომისრის შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0