ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურმა მდივანმა დეცენტრალიზაციის პროცესი დადებითად შეაფასა

03/07/2018

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებისა და დეცენტრალიზაციის პროცესის სიახლეები განიხილეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მენეჯმენტმა და ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურმა მდივანმა ანდრეას კიფერმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციის კუთხით მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. ასევე, ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რეფორმის ფარგლებში, საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონების, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური სიძლიერისა და მათ შორის არსებული უთანასწორობების აღმოფხვრის კუთხით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თვითმმართველობების როლის გაძლიერებასა და ადგილობრივ საჯარო მოხელეთა კომპეტენციის ამაღლებისა და ტრენინგის საჭიროებებზე, რაც თავის მხრივ თვითმმართველობის ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და უმნიშვნელოვანესია დეცენტრალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის.
საუბარი შეეხო ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განხორციელდა.
შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ: მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სამინისტროსა და ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლები.
ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივანმა ანდრეას კიფერმა დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით გადაიდგა. ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები, მიმდინარე წლის მონიტორინგის მისიის ანგარიშშიც დადებითად აისახა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კონგრესი საქართველოს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც ერთობლივი რეფორმების წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0