პრემიერმინისტრების შერჩევის ეს მასკარადი უნდა დასრულდეს და მოვუწოდებ მმართველ პარტიას პრემიერად პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს

14/06/2018

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში მე-15 საერთაშორისო კონფერენციას – “საქართველოს ევროპულ გზა” დაესწრო და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
“მოგესალმებით ბატონებო და იმედი მაქვს, რომ თქვენი დღევანდელი შეკრება იქნება კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. გზაზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციური ძალებისთვის მთლიანად საზოგადოებისთვის განსაზღვრულია, როგორც პრიორიტეტული სახელმწიფოებრივი განვითარების გზა და ეს ვინც აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკის ფორმირების დინამიურ პროცესს, ნათლად დაინახავს რამდენად აქტუალურია სწორედ ევროპული ინტეგრაციის საკითხები ჩვენს ყოველდღიურ პოლიტიკურ დღის წესრიგში.
ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას, ნათლად ასახავს ის, რომ ევროპული პროცესის ლიდერი ქვეყანაა საქართველო და მე მინდა მივესალმო იმ ინტენსიურ დისკუსიებს, რომელიც მიმდინარეობს ახლა ევროპის პარლამენტში საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემის ირგვლივ – ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის 10 წელი და დარწმუნებული ვარ, რომ ის რეზოლუცია, რომელსაც მიიღებენ თავის სახელს დაარქმევს ბევრ იმ მოვლენას, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ ახორციელებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და ეს იქნება ბევრი თვალსაზრისით ტონის მიმცემი ამ პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით.
დღეს ბუნებრივია, მე მინდა შევჩერდე იმ მოვლენებთან დაკავშირებით, იმ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც განვითარდა გუშინ, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ 4 უმაღლესი თანამდებობის პირთან მიმუშავია. ეს მე-3 პრემიერმინისტრია, რომელიც წავიდა, მაგრამ მიმუშავია 4 უმაღლეს თანამდებობის პირთან – ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი კვირიკაშვილი, ბატონი უსუფაშვილი, ბატონი კობახიძე – მინდა ნათლად ვთქვა, რომ ბატონი გიორგი ყველაზე, ასე ვთქვათ, კომფორტული სამუშაო უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვით იმისა, რასაც აკეთებდა და რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას.
საზოგადოებისთვის, გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ წავიდა ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან, იმიტომ რომ, იმ პროცესში, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, ბატონი კვირიკაშვილის გუნდი სწორედ ეკონომიკურ მიმართულებას ავითარებდა. მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოქალაქეების კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი იყო ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა.
ეკონომიკურ პრობლემებზე, დაახლოებით, ერთი თვის წინ პარლამენტში ვისაუბრე, მაგრამ მაშინ სრული მიუღებლობა იყო იმ ჭეშმარიტების, რომ დასაქმების მიმართულებით სირთულეები არსებობს და ასე შემდეგ. უცებ UNICEF- ის კვლევამ გასაგები გახადა ეს საქართველოს მთავრობისთვის, რომ ეკონომიკის მიმართულებით არსებობს პრობლემები. მინდა ვთქვა, რომ ბატონი კვირიკაშვილის გუნდის მიერ ორი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად ვერ შეიძლება შეფასდეს, როგორც წარუმატებელი და უარყოფითი.
ამავე ფონზე, სრულად გაუგებარია, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე არ ხდება კომენტირება და, არ ხდება კომენტირება იმ მთავარ პრობლემაზე, რის გამოც საზოგადოება აქტიურად აპროტესტებს ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც ეხება სწორედ მართლმსაჯულების საკითხებს.
საზოგადოება დაახლოებით, ერთი თვეა ძალიან აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციას სამართლიანობასთან და მართლმსაჯულებასთან მიმართებაში და ჩვენ გვეძლევა ახალი ვერსია, რომ თურმე UNICEF- ის კვლევიდან გამომდინარე კვირიკაშვილს ვერ აუგია ეკონომიკური პოლიტიკა და ამის გამო მიდის თანამდებობიდან პრემიერმინისტრი, რომელიც შეიძლება სწორედ ამ მიმართულებით დახასიათდეს როგორც პრინციპული ნაბიჯების გადამდგმელი. ყოველივე ეს და მათ შორის, ბატონი გიორგის გუშინდელი გადადგომის მოხსენება სწორედაც, რომ ჩვენი ევროპული, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გასაგები პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. გუშინ ბატონი პრემიერი წავიდა თანამდებობიდან და მან თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა მისცეს შესაძლებლობა დააკომპლექტოს ახალი მთავრობა.
მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ. მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს: რატომ მიდიან თანამდებობიდან პრემიერმინისტრები, რომლებიც არიან წარმატებული პრემიერები. ისევე როგორც წინა პრემიერმინისტრის, ბატონი ღარიბაშვილის წასვლის დროს, ჩვენ მოვისმინეთ, რომ წარმატებული პრემიერმინისტრია. რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერმინისტრები, რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი და რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერმინისტრები.
მიმაჩნია, რომ ეს, რაღაცნაირი მასკარადის პერიოდი უნდა დამთავრდეს, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერმინისტრები. რა პრინციპით ირჩევიან ისინი საზოგადოებისთვის და მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, ეს უნდა დამთავრდეს და თუ ევროპულ არჩევანზე და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვსაუბრობთ, იქ პრემიერმინისტრები მმართველი პარტიის ლიდერები არიან და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერმინისტრი, თუ ჩვენ ვსაუბრობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც საზოგადოებისათვის გასაგებია.
თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერმინისტრის დანიშვნაზე და ისეთი პრემიერმინისტრის არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები: რატომ წავიდა თანამდებობიდან და რომელიც პასუხისმგებელია თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და რომელსაც ძალაუფლება და შესაძლებლობა გააჩნია ამ გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ და ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით ვერთიანდებით და ვმსჯელობთ.
შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აი ამ რაღაცნაირი პროცესის დასასრული უნდა იყოს ეს, როდესაც ჩვენ არ ვიცით ვინ, რა პრინციპით ხსნის პრემიერმინისტრებს, რა პრინციპით არჩევს პრემიერმინისტრებს და მე მოვუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მათ შორის, მმართველ პარტიას ყველაზე მეტად და დაასახელონ პრემიერმინისტრად ის ადამიანი, რომელიც პარტიის ლიდერია, რომელთანაც მე სხვათა შორის მიმუშავია, როგორც პრემიერმინისტრის რანგში და შემიძლია ვთქვა, რომ ის კარგი პრემიერმინისტრი იყო, ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებით. ბიძინა ივანიშვილთან მე ვმუშაობდი როგორც მინისტრი და თანამშრომლობა ძალიან კარგი, საინტერესო და ეფექტური იყო, მაგრამ აი ეს მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია და ეს არ გამოიხატება რეალურ ცხოვრებაში, ჩემი აზრით, ავნებს საქართველოს, ავნებს საქართველოს ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით ამ მნიშვნელოვან თავყრილობაზე. თქვენი შეკრების თემა გადამწყვეტია ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრების სტრატეგიულ და ტაქტიკურ მიმართულებებთან დაკავშირებით.
გისურვებთ წარმატებას და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოში მიმდინარე ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული პროცესი, მათ შორის პრემიერმინისტრის შერჩევის პროცესი, კიდევ უფრო მეტად დაგვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ ვართ ღია პოლიტიკური საზოგადოება და ამ ღია პროცესში ჩვენ ვიღებთ სწორ, ხალხისთვის გასაგებ დემოკრატიულ და ტრანსპარანტულ გადაწყვეტილებებს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე.
კონფერენცია წელს, პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0