თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით, ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით მოწმის მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებულ მ.მ.-ს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ მ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება. მ.მ.-მ თვითმხილველ მოწმეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა და დაპირდა, რომ თუ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას შეცვლიდა და გ.ჯ.-ს დანაშაულში არ ამხელდა, მატერიალურად დაეხმარებოდა მას და მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში მედიისა და საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.
ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის შემდეგ მ.ს.-სთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
მ.მ. 2018 წლის 8 ივნისს, ხოლო მ.ს. 2018 წლის 9 ივნისს იქნა დაკავებული. მ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით მოწმის მოსყიდვა ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით), მ.ს.-ს კი 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მ.მ.-ს და მ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
11/06/2018