სამივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივად მივიღოთ ზომები რუსული აგრესიის შესაჩერებლად

09/06/2018

„საპარლამენტო ასამბლეა იქნება ძალიან ეფექტური მექანიზმი იმისთვის, რომ ერთად გავუწიოთ ლობირება ჩვენს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ უკრაინაში ვიზიტი შეაჯამა, რომლის ფარგლებშიც, სამმა ქვეყანამ საპარლამენტო ასამბლეა დააფუძნა. მისი თქმით, ასამბლეის პირველი სესია შემოდგომაზე თბილისში გაიმართება.

„საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას აქვს საერთო გამოწვევები და საერთო მიზნები. სამივე ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთხმად ვისაუბროთ იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებასთან. ამ კუთხით, საპარლამენტო ასამბლეა ძალიან ეფექტური მექანიზმი იქნება იმისთვის, რომ ერთად გავუწიოთ ლობირება ჩვენს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს და რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე, სხვა მიმართულებით გვექნება საინტერესო დისკუსიები ამ ფორმატში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პირველი ასამბლეა შედგება თბილისში შემოდგომაზე, ამასთან დაკავშირებით უკვე შევთანხმდით ჩემს კოლეგებთან ერთად“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო ასამბლეაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ერთობლივი ზომების მიღება რუსული აგრესიის შესაჩერებლად.

„ჩვენი საერთო ეროვნული გამოწვევა, არის, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. სამივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ამ კუთხით, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივად მივიღოთ ზომები იმისთვის, რომ შევაჩეროთ რუსული აგრესია და ეს იქნება, საპარლამენტო ასამბლეის განხილვის ერთერთი უმთავრესი საგანი. არის საერთო მიზნები, საერთო გამოწვევები და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ვიმსჯელებთ ერთობლივად, ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან და დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობის ეს ფორმატი იქნება ძალიან წარმატებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0