ჩვენ ხვალ ვზეიმობთ უდიდეს თარიღს, რომელიც ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას

25/05/2018

გიორგი კვირიკაშვილი:
“1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტში არის შემდეგი სიტყვები – „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.“ ჩვენ ხვალ ვზეიმობთ უდიდეს თარიღს, რომელიც ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ ყველას, ეს უდიდესი დღესასწაული და ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, რომ ამჯერად შეუქცევადად გამხდარიყოს ევროპული ოჯახის წევრი და ის უდიდესი საქმე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1918 წლის 26 მაისს, დაგვირგვინებულიყოს საქართველოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიღებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის ყველას გვჯერა და გვწამს.
26 მაისს აღვნიშნავთ მთელი ქვეყნისა და შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 200-მდე სხვადასხვა ღონისძიებაა, მოგეხსენებათ დაგეგმილი. საქართველოს ესტუმრება ძალიან ბევრი უცხოური დელეგაცია. ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული სპეციალური ღონისძიებები და ჩვენ მთელი მსოფლოს მასშტაბით, მეგობრებთან ერთად ვიზეიმებთ ამ უდიდესი მნიშვნელობის თარიღს. უნდა ითქვას, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ჩამობრძანდება დღეს საღამოს საქართველოში, 6 ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა ჩვენს ქვეყანას და ასევე, 10-ობით ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, რომლებთან ერთადაც ჩვენ ამ უდიდეს დღესასწაულს ვიზეიმებთ.
გაერო-მ ამ დღესთან დაკავშირებით და ასევე, რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა საფოსტო მარკა, რომლის პრეზენტაციაც ორი დღის წინ ნიუ იორკში, გაერო-ს სათაო ოფისში გაიმართა, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ფიცის დადების ცერემონია წელს ერთდროულად 6 ადგილას გაიმართება: თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში, ბათუმსა და გელათში. რა თქმა უნდა, იქნება სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაცია ყველა ამ წერტილიდან.
ასე რომ, მეგობრებო, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება გველის. დღეს საქართველოს წარმატებას აღიარებს მთელი მსოფლიო. ევროპაში საქართველო მიიჩნევა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების მიხედვით და ვფიქრობთ, ძალიან ღირსეულად ვხვდებით ამ თარიღს. ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო და ჩვენი უმთავრესი საქმე გახლავთ – მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი მისია ჩვენი თაობის, ჩვენი ხელისუფლების და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ მისიას ნაბიჯ-ნაბიჯ, ღირსეულად აღვასრულებთ”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0