საქართველო, დღემდე დამკვიდრებულ ლიტვასთან ერთად ქვეყნის ავთენტურ დასახელებას – ლიეტუვას (Lietuva) გამოიყენებს, – აღნიშნულ საკითხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის საპასუხო ნაბიჯი ლიეტუვას გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ენის სახელმწიფო კომისიის დასკვნის შესაბამისად, 3 მაისს აღიარა საქართველოს ავთენტური დასახელება Sakartvelo (Sakartvelas), რომელიც მანამდე მოხსენიებულ სახელ Gruzia-თან იქნება გამოყენებული.
„ჩვენი მხრიდან ანალოგიური ნაბიჯის გადადგმის საკითხი შეისწავლა საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ, რომელშიც შედიან ისეთი ავტორიტეტული ენათმეცნიერები, როგორებიც არიან – მზექალა შანიძე, თამაზ გამყრელიძე, შუქია აფრიდონიძე და ა.შ. ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მხრიდან ასევე გადაიდგას საპასუხო ნაბიჯი და ამ ქვეყნის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა (Lietuva), გამოყენებული იყოს აქამდე გამოყენებულ ლიტვასთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი ასეთი მნიშვნელოვანი შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგა, მით უმეტეს, როდესაც დღეს საქართველოში ჩამობრძანდება ლიტვის პრეზიდენტი. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი, დადებით ფონის შემქმნელი ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.