ირაკლი ქარსელაძემ მსოფლიო ბანკთან მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო პროექტები განიხილა

21/05/2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილა. შეხვედრაზე, ასევე, საგზაო უსაფრთხოების კუთხით დაგეგმილ აქტივობებს და მომავალში გასატარებელ ღონისძიებებს გაუსვეს ხაზი.
მსოფლიო ბანკი, საქართველოში არაერთ საგზაო პროექტს აფინანსებს, როგორც ახალი გზების მშენებლობის, ასევე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების განვითარების პროექტებს, რომლის შედეგადაც უმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, მცირდება სატრანსპორტო ხარჯები და მგზავრობის დრო, რაც მთლიანობაში მნიშვნელოვან ბიძგს აძლევს ეკონომიკის განვითარებას.
დღეის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკს, საავტომობილო გზების პროექტების დასაფინასებლად დაახლოებით 832 მილიონი აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი, საიდანაც 527 მილიონი დოლარი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვისაა განსაზღვრული, 305 მილიონი კი – შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0