სასამართლომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო

05/04/2018

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახში ძალადობისთვის გ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა გ.ნ.-მ 2017 წლის 13 დეკემბერს ადიგენის რაიონში, ყოფილ მეუღლეს თ.ა.-ს ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო და ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცველებმა გ.ნ. 2017 წლის 16 დეკემბერს ადიგენის რაიონის სოფელ უდეში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, არაერთგზის) წარედგინა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გ.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0