საქართველოს პარლამენტში, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2016 – 2017 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. განვლილი 2 წლიანი პერიოდის განმავლობაში მიღწეული შედეგები დამსწრე საზოგადოებას მთავარი საკანონმდებლო უწყების სივრცეში სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გააცნო. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა პარტნიორი სახელმწიფო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, პარტნიორი ბიზნეს გაერთიანებების დამფუძნებლები და მენეჯერები, დარგობრივი, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციები და ინფორმაციის მასობრივი საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 – 2017 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში უმთავრესად მოიცავს სახელმწიფო უწყებისა და მისი მთავარი დონორი ორგანიზაციის – „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციისა და გადარჩენის“ ფონდის (ფონდი „ქართუს“) მიერ დაფინასებულ ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავ ძეგლებზე მიმდინარე და დასრულებულ სარეაბილიტაციო პროექტებს, არქეოლოგიურ ძეგლებზე დაწყებულ სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოებს.
განვლილი 2 წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციისა და გადარჩენის“ ფონდის ინიციატივით, სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროცესი დაიწყო 231 ისტორიულ არქიტექტურულ ძეგლზე (მათ შორის 84 ეროვნული ძეგლის სტატუსის მქონე), რომელთაგან უმრავლეს შემთხვევაში ფიზიკური სამუშაოები უკვე დასრულებულია. ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე 20-მდე საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობებზე კი აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და უახლოეს დროში დასრულდება.
მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და არქეოლოგიური კვლევა-ძიების სამუშაოებზე 2 წლიანი ინტერვალის მანძილზე დასაქმებული იყო 8000 ათასამდე ადამიანი, რაც ძეგლთა დაცვისა და მოვლა-პატრონობის პროცესის პარალელურად კონკრეტული მოქალაქეებისთვის ეკონომიკური სარგებლიანობის ეფექტსაც ქმნიდა.
მასშტაბური რებილიტაციის პროცესმა მოიცვა ქვეყნის თითქმის ყველა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლებიც 2016 წლამდე გადაუდებელ ჩარევას საჭიროებდნენ. კომლექსური სარებილიტაციო პროექტები დაიწყო აწყურის, გელათის, კუმურდოს, ნიკორწმინდის, თბილისის მეტეხის, ატენის სიონის, თისელის, სქურის, ანჩისხატის, მცხეთის მცირე ჯვრისა და შორეთის ტაძრებზე და სამონასტრო კომპლექსებზე. დაიწყო სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ნიკო დადიანის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე. განხორციელდა გეგუთის სამეფო სასახლის სრული კონსერვაცია და არქეოლოგიური შესწავლა. ნოქალაქევის ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე დაიწყო სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოების ფართომასშტაბიანი პროცესი. მსოფლიო ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი – სოფელი ჩაჟაში უახლოეს 2 წელიწადში სრულად დაიბრუნებს პირველად იერსახეს. ავთენტურ იერს შეიძენს ისტორიული ციხე-სოფელი მუცო, სადაც ფიზიკური სამუშაოების ციკლი წელს დასრულდება. სრულადაა რეაბილიტირებული ნოღას ციხე.
მეტწილად დასრულებულია ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის კლდოვანი მასივების გადაუდებელი გამაგრებითი პროცესი, რომელიც სააგენტომ საერთაშორისო კლასის ექსპერტებისა და კონსულტანტების რეკომენდაციების საფუძველზე განახორციელა. სრულადაა რესტავრირებული 2016 წელს მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის უნიკალური კედლის მხატვრობა.
საბიუჯეტო ხელშეწყობის პირობებში საანგარიშო 2 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესების დაფინანსება. სახელმწიფოს მიერ ჯამურადმილიონ 650ათასი ლარით დაფინანსებულია 34 აქრეოლოგიური ექსპედიცია, რაც გასული 3 ათეული წლის მანძილზე უპრეცედენტო შემთხვევაა.
მიმდინარე წელს სააგენტოს მუზეუმების სიას გრაკლიანის არქეოლოგიური საიტის თანამედროვე მუზეუმიც შეემატება, რომლის მოწყობის კონცეფციაც უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით განხორციელდება.
აქტიურ ფაზაშია შესული ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისმიმდებარე ტერიტორიის ტურისტულ ზონად ქცევის პროცესი, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამისნიტროს, ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და ესტონელი კონსულტანტების მიერ ერთობლივად შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში უკვე გამოცხადებულია პროექტირების 2 მილიონიანი ტენდერი, რომლის შემდეგაც 2018 წელს თაღოვან კაშხლზე სამშენებლო-ინფრასტრუქტურულისამუშაოების განხორციელება დაიწყება.
უმნიშვნელოვანეს შედეგს წარმოადგენს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სააგენტოს აქტიური ქმედებების საფუძველზე საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებები. გასული 2 წლის განმავლობაში ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში კი დაბრუნდა მცხეთის ისტორიული ძეგლები და გელათის მონასტერი.საერთო ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ევროპის საბჭოს კულტურულ მარშრუტებში ჩართვა და ევროპულ სტრუქტურებში – ევროპის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ორგანიზაციაში (EUROPA NONSTRA), კულტურის მენეჯმენტისა და პოლიტიკის ევროპულქსელში (ENCATC), ევროპის საბჭოს კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის მმართველი კომიტეტის ბიუროში გაწევრიანება. 2016 წლიდან კი სააგენტოს, კულტურის სამინისტროსთან ერთად, დაწყებული აქვს ქართული ჭიდაობის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში წარდგენის პროცესი.
2016-2017 წლებში აქტიური მუშაობა წარიმართა საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის ასპარეზზე. 2 მეზობელ სახელმწიფოსთან – თურქეთთან და სასომხეთთან ზიარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულებების საფუძველზე, დარგის სპეციალისტების ერთობლივი ჯგუფები უკვე შეუდგნენ კოორდინირებული მუშაობის ეტაპს.
სრულიად ახალი სიტყვა იყო კლუბის „ემეგობრე მემკვიდრეობას“ დაფუძნება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის სფეროში ალტერნატიული ფინანსური რესურსის გაჩენასთან ერთად, სამოქალაქო თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის ამაღლებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია ფინანსური და ინდუსტრიული ბიზნესის გააქტიურება სიძველეთა მოვლა-პატრონობის საქმეში. სააგენტოსთან მჭიდრო ურთიერთობების ფონზე, სულ უფრო იზრდება იმ ბიზნეს გაერთიანებების რიცხვი, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო პროცესში გეგმავენ აქტიურ ჩართვას.
საანგარიშო 2 წლის განმავლობაში აქტიური იყო სააგენტოს სამქიანობა მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის აღნუსხვა-ინვენტარიზაციის განხრით, რომლის ფარგლებში უკვე ამოქმედდა კულტურული მემკვიდრეობის მართვის ინოვაციური გეო-საინფორმაციო სისტემები და ე.წ. GIS პორტალი. სააგენტოს სამუზეუმო ცხოვრებაში დაინერგა თანამედროვე სტანდარტები. აქტიურად ამუშავდა საგანმანათლებლოდა სამეცნიერო -პოპულარული თემატიკის საგამომცემლო პროექტები.
2017 წელს დასრულდა კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსზე სამუშაო პროცესი, რომლის შემდგომი ეტაპი კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად მისი საკანონმდებლო ინიციატივად წარდგენა იქნება.
მასშტაბური რებილიტაციის პროცესმა მოიცვა ქვეყნის თითქმის ყველა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
02/04/2018