„ქართული ზეთისხილის საწარმო“ ქართული და თურქული ბიზნესსექტორის თანამშრომლობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია

02/04/2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა და საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში ქართული ზეთისხილის საწარმო დაათვალიერეს. ქართულ-თურქული ინვესტიციით შექმნილ კომპანიას ზეთისხილის ბაღები 400 ჰექტარზე აქვს გაშენებული; „გემლიკის“ ჯიშის ნერგები და ქართულ კლიმატურ პირობებზე მორგებული 6 სხვადასხვა სახეობა საქართველოში თურქეთიდანაა შემოტანილი. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. სამომავლოდ დაგეგმილია ექსპორტზე გატანაც; კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, მიმდინარეობს ბაზრების დივერსიფიცირების პროცესი.

„ქართული ზეთისხილის საწარმო“ ქართული და თურქული ბიზნესსექტორის თანამშრომლობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია“, – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ფატმა სერენ იაზგანმა საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა და თურქეთის ელჩმა ზეთისხილის ბაღებიც დაათვალიერეს, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგის სისტემა დაამონტაჟეს. აღნიშნა, რომ ახალი მავნებელი საქართველოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რისთვისაც საქართველოს სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0