თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა ქვესადგურ „ჩუღურეთის“ მშენებლობის დასრულების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. კომპანია „თელასმა“ 35/6 კილოვოლტიანი ქვესადგური ააშენა. ახალი ენერგოობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება თბილისის ორი ცენტრალური რაიონის – ჩუღურეთისა და მთაწმინდის 25 ათასამდე აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხსა და საიმედოობას გააუმჯობესებს.
ყოფილი „თბოელექტროცენტრალის“ ტერიტორიაზე, ორტრანსფორმატორიანი ქვესადგურის მშენებლობა გასული წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, სრულიად ახალი შენობა აშენდა და ქვესადგური თანამედროვე ელექტრომოწყობილობებით აღიჭურვა.
ქვესადგურში 25 მეგავატი სიმძლავრით ABB მარკის 35კვ-იანი ორი ძალოვანი ტრანსფორმატორი, ABB მარკის 35კვ-იანი 12 გამანაწილებელი უჯრედი და „ინვენტ ელექტროს“ მარკის 6 კვ-იანი 52 უჯრედი დამონტაჟდა. ამასთანავე, განხორციელდა სარელეო დაცვის, მეორადი და ძალოვანი წრედების, მართვისა და რეგულირების თანამედროვე მოწყობილობების მონტაჟი.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, სსს „ინტერ რაოს“ ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა, ასევე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე დაესწრნენ.
ილია ელოშვილი ქვესადგურ „ჩუღურეთის“ მშენებლობის დასრულების ცერემონიას დაესწრო
30/03/2018