საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა. ელჩმა საქართველოს საგარეო უწყების ხელძღვანელს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რომელიც საქართველომ გამოხატა ბრიტანეთისადმი და მათი ნაბიჯებისადმი ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე რეაგირების კუთხით.
დიდი ბრიტანეთი და საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორები, აღნიშნულ ფაქტს განიხილავენ საერთო უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას და ხაზს უსვამენ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული პოზიციის აუცილებლობას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, ელჩს მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. გაერთიანებული სამეფო, ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ბრიტანეთის დიპლომატიურ ძალისხმევაში.
მიხეილ ჯანელიძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
30/03/2018