ზუგდიდში, ფინანსთა მინისტრმა მეწარმეებს საგადასახადო ინიციატივები გააცნო

29/03/2018

ზუგდიდში ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე მცირე მეწარმეებს შეხვდა, სადაც ისაუბრა ახალი საგადასახადო ინიციატივების შესახებ. შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ და მინისტრის მოადგილემ – ლაშა ხუციშვილმა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მეწარმეებს რეფორმის შესახებ და მათ დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი.

“ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში საგადასახადო თვალსაზრისით. ხუთჯერ მცირდება გადასახადი 5%-დან 1%-მდე მაშინ, როდესაც ხუთჯერ იზრდება ზღვარი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. სამეგრელოს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი, იმისთვის რომ აღნიშნული საგადასახადო რეფორმა ძალიან კარგად გამოიყენოს. ჩვენ მნივშნელოვან პროგრესს ვხედავთ სამეგრელოში ტურიზმის ზრდის კუთხით, ასევე, სამეგრელოში ხორციელდება ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში – ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის სახით, სადაც მე იმედი მაქვს, საშულება იქნება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა შეძლოს თავისი პოტენციალის რეალიზება. ვფიქრობთ, რომ ის შეხვედრები, რაც ჩვენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავმართეთ, იყო ძალიან ნაყოფიერი იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაგვეხვეწა ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი რეფორმა,“ – განაცხადა შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა.

შეხვედრას მეწარმეებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, პარლამენტის წევრები და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ. ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები (სსიპ, აიპ), ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.
უქმდება გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ითი დაბეგვრის სპეციალური ნორმები.
დღგ-სგან გათავისუფლდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.
საქართველოდან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტის წახალისების მიზნით, იმპორტიორს უფლება ეძლევა დაიბრუნოს მსუბუქ ავტომობილსა და მოტოციკლზე გადახდილი აქციზის 100% – ის ოდენობა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ექსპორტი განხორციელდება 90 დღის განმავლობაში. სრულად გათავისუფლდება აქციზისაგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი გამოყენებისათვის იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალებები.
2023 წლის 1 იანვრამდე გადავადდება მოგების გადასახადის ახალ მოდელზე გადასვლა საფინანსო სექტორისთვის – ბანკები, საკრედიტო კავშირები, სადაზღვევო ორგანიზაციები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0