ყველას გვაერთიანებს ერთი ფასეულობა – მშვიდობიანი მსოფლიო და ერთიანი და თავისუფალი ევროპა

02/03/2018

„მხოლოდ ჩვენს ახლო მეგობრებთან და პარტნიორებთან – მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად დგომით შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვასა და საბოლოოდ კი მდგრადი, დემოკრატიული, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კიშინიოვში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო უფრო ძლიერი და სტაბილური ქვეყანაა და დღეს, ისე, როგორც არასდროს, უკეთ არის აღჭურვილი საშინაო და საგარეო გამოწვევებთან გასამკლავებლად. თუმცა, მისივე თქმით, საქართველო ცხელ რეგიონში მდებარეობს და არსებული გამოწვევები საკმარისად რთულია იმისთვის, რომ მას მხოლოდ ერთი ქვეყანა გაუმკლავდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ ახლო მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დგომით შეიძლება.

„საქართველო დღეს უფრო ძლიერი და უფრო სტაბილურია. დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველო, როგორც სახელმწიფო, უკეთესად არის აღჭურვილი იმისათვის, რომ გაუმკლავდეს გარე და შიდა გამოწვევებს. ჩვენი ეკონომიკა მზარდია, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერდება, ჩვენი საზოგადოება ნაკლებად პოლარიზებულია, ხოლო საქართველოს მოსახლეობის ნდობა ხელისუფლებისა და პროდასავლური პოლიტიკისადმი განსაკუთრებით მაღალია. მოგეხსენებათ, საქართველო ცხელ რეგიონში მდებარეობს, სადაც გარე გამოწვევები საკმარისად რთულია იმისათვის, რომ მას ერთი ქვეყანა გაუმკლავდეს. მაშასადამე, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კავშირები ჩვენს საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, და პირველ რიგში კი ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ ცნობიერების ამაღლება იმის თაობაზე, რომ ვერცერთი ქვეყანა, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს იგი, ვერ შეძლებს მარტო გაუმკლავდეს საერთაშორისო – ტრადიციულ თუ ახალ გამოწვევებს. მხოლოდ ჩვენს ახლო მეგობრებთან და პარტნიორებთან – მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად დგომით შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვასა და საბოლოოდ კი მდგრადი, დემოკრატიული, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა, თავის მხრივ, ჩვენს ქვეყანასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირის წევრობასთან და პროდასავლური პოლიტიკა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია.

„ჩვენ დასავლელ მეგობრებს ყოველთვის ვთავაზობთ გაერთიანებას ტრანსატლანტიკურ ალიანსში. საქართველოს ნამდვილად სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა, მაგრამ საქართველოსაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების გამყარებაში. საქართველოს განსაკუთრებული წვლილი უსაფრთხოების გამყარებაში ავღანეთში. ასევე, ჩვენი მონაწილეობა ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეების მიერ შეფასებულია, როგორც სტრატეგიული აქტივი. რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება შეუძლებელი და მიუწვდომელი ოცნება იყო. თუმცა, ჩვენ უკვე ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ევროკავშირის ზონაში. საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი მიზანია და დანიშნულებაა, რასაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობა. მიუხედავად ხელისუფლების შემადგენლობისა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს პროდასავლურ პოლიტიკას, რაც ჩვენს ხელისუფლებას უდიდეს ნდობას ანიჭებს საშინაო და საგარეო საკითხებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაცია ნატოში არსებითი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და რეგიონალური სტაბილურობისთვის. მისი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნათელი გზავნილი იქნება, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვა არ იგეგმება.

„გასული წლის ნოემბერში აღვნიშნეთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართვიდან 15 წელი. 10 წლის წინ ბუქარესტში, ნატოს ქვეყნებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაცია ნატოში არსებითი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, თუმცა იგი ასევე მნიშვნელოვანია რეგიონალური სტაბილურობისათვის. საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნათელი გზავნილი იქნება ყველასათვის – მეგობრებისა თუ მტრებისათვის – რომ ტრანსატლანტიკური ალიანსი ძლიერია და არ იგეგმება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გადასინჯვა. ბუნებრივია, ჩვენს ორმხრივ ინტერესებშია ჩვენი კავშირების გაძლიერება ევროკავშირსა და ნატოსთან, თუმცა არსებობს გაცილებით უფრო მნიშნელოვანი რამ, ვიდრე საკუთარი ინტერესების, სავაჭრო სარგებელისა და ერთმანეთის რესურსების პრაგმატული გამოყენება – ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი ფასეულობა – მშვიდობიანი მსოფლიო და ერთიანი და თავისუფალი ევროპა, დემოკრატიული პრინციპები და ქვეყნების უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი ხალხის სურვილის საფუძველზე. ეს ფასეულობები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა უფრო ვიწრო ეროვნული ინტერესები“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0