საარჩევნო ადმინისტრაციების მერვე ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა

28/02/2018

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მერვე ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრის მთავარი თემაა „ტექნოლოგიები და ინოვაციები მოქალაქეთა ჩართულობისთვის“.
კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ღონისძიება დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნილ სკოტმა, საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელმა მეთ გოქულიმ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ და ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ქრისტიან ურსემ გახსნეს.
ამომრჩეველთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო პროცესში ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვა ორი დღის განმავლობაში კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა იქნება. შეხვედრის მონაწილეები ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილებასაც გაუზიარებენ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.
საკუთარ გამოსვლაში თამარ ჟვანიამ საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისა და ამ მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ახალი სერვისების დანერგვაზე გააკეთა აქცენტი. მისი თქმით ორდღიანი შეხვედრა მონაწილეებს საშუალებას მისცემს იპოვონ ახალი გზები მოქალაქეთა ინფორმირებულობის ზრდისა და საარჩევნო პროცესში მათი აქტიური მონაწილეობისთვის. აღნიშნული შეხვედრა კი საუკეთესო პლატფორმაა საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებისა და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
თამარ ჟვანია შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს იმ პრაქტიკაზე ესაუბრა, რომელიც საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა და სხვა მონაწილე მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს.
საარჩევნო ადმინისტრაციების მერვე ყოველწლიური შეხვედრა 28 თებერვალს გაიხსნა და 1 მარტს დასრულდება. ღონისძიებაში 21 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, 10 საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული 4 კომპანიის 105 წარმომადგენელი მონაწილეობს. წელს პირველად ღონისძიებას კოლუმბიის, ტუნისის, ეკვადორისა და ბანგლადეშის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები შემოუერთდნენ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზება საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრთან (ICPS) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით გაუწია.
საარჩევნო ადმინისტრაციების შეხვედრა ყოველწლიურად იმართება; საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე მსჯელობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. წლების მანძილზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: ინოვაციური სერვისები და ეფექტური საარჩევნო პროცედურები, არჩევნების სანდოობა, ინკლუზიური არჩევნები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ეფექტური კომუნიკაციები, კონფლიქტების მართვა საარჩევნო პროცესებში.
ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნები: ბანგლადეში, ბელარუსი, ბულგარეთი, ეკვადორი, ესტონეთი, ინდოეთი, იორდანია, კოლუმბია, კენია, ლატვია, მექსიკა, მოლდოვა, პაკისტანი, რუმინეთი, სამხრეთ კორეა, საქართველო, სომხეთი, ტუნისი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი.
ღონისძიებაში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციები: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მულტიპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), გაერთიანებული ერები საქართველოში(UN), დელიან პროექტი (The Delian Project), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭო(CoE), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრი (ICPS), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).
საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიები:
Indra (ესპანეთი), Laxton Group (ჩინეთი), Smartmatic (ნიდერლანდები), Voatz (აშშ)

Tweet about this on TwitterShare on Facebook0