სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის რეკომენდაცების შესრულების ანგარიში წარადგინა

28/02/2018

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, “2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” სახალხო დამცველის ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარადგინა.
ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიზანს ერთი მხრივ, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების სრულად რეალიზება, ხოლო მეორე მხრივ, პენიტენციურ დაწესებულებათა უსაფრთხო, საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებთან შესაბამისობით მართვა წარმოადგენს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროში მუდმივად მიმდინარეობს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებსა და სახალხო დამცველს ბოლო პერიოდში სისტემაში გატარებულ იმ სიახლეებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის შესაძლებლობათა გაძლიერებასა და მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვას უზრუნველყოფს.
ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი სიახლეა მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის მინიჭება, შინაპატიმრობის სრულწლოვან მსჯავრდებულთათვის ამოქმედება, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების შემცირება, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების მექანიზმის დახვეწა. სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, განხორციელდა რიგი ინსფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის აღსანიშნავია, რომ N7 და N12 პენიტენციური დაწესებულებები ფუნქციონირებას ახალ შენობებში გააგრძელებენ.

„პატიმრობის კოდექსსა და მის თანმდევ კანონებში შესული ცვლილებებით დაინერგა არაერთი სრულიად ახალი სტანდარტი. რეფორმების დადებითი ტენდენციის შეუქცევადობის უზრუნველსაყოფად, სამინისტრო კვლავ აგრძელებს ახალ ინიციატივებზე მუშაობას. მსჯავრდებულებში დასაქმების მოტივაციის გაზრდის მიზნით, მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ნამუშევარი დღეების შესაბამისად მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდებათ,“ – აღნიშნა მიხანაშვილმა.

ზვიად მიხანაშვილმა დეპუტატებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეკითხვებსაც უპასუხა და ამასთან, აღნიშნა, რომ უწყება სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0