გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალიდან დაიწყება

27/02/2018

ლადო გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს სარეაბილიტაციო არეალი კიდევ ერთხელ დაათვალიერა.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაში პროფესიული წრეების წარმომადგენლები, „ტფილისის ჰამქარი“ და „იკომოსი საქართველო“ (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი) იყო ჩართული.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გუდიაშვილის მოედნის დაცვაში იყო ჩართული. იყო ძალიან ბევრი გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შენარჩუნებულიყო ეს მოედანი და მეც ვეთანხმები ამას, რადგან ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. ამ პროექტის შედგენაში ჩართული იყვნენ ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, „იკომოსი“ და „ტფილისის ჰამქარი“. ჩვენ უკვე ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. დღეს არ გვექნება ოფიციალური ცერემონია, რამდენიმე დღეში გავაკეთებთ ამას, თუმცა სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. პროექტის შემუშავებაში ჩართული მხარეების რეკომენდაციები მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული და სამუშაოების დაწყება დროში სწორედ ამიტომ გაიწელა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეაბილიტაცია მხოლოდ აღნიშნული კონკრეტული პროექტით არ დასრულდება.

„ჩვენ საკმაოდ ამბიციური და მასშტაბური გეგმები გვაქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ძველ თბილისს მოვლა-პატრონობა სჭირდება. უამრავი ძეგლია ქალაქში, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ეს ის ადგილები და უბნებია, რომლითაც ვამაყობთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0