სუს-ის მოთხოვნით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა გაიმართა

26/02/2018

ერგნეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით,ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, მონაწილეებს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის უმოკლეს ვადაში გადმოსვენება, ოკუპირებულ ახალგორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების- იოსებ პავლიაშვილის და ლევან ქუტაშვილისთვის ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალების მიცემა და 22 თებერვალს მომხდარი ფაქტის სიღრმისეული გამოძიება მოსთხოვეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სრულყოფილი სამედიცინო ექსპერტიზის მიზნით,გარდაცვლილი ტატუნაშვილის ცხედრიდან აღებული ნიმუშები გადაგზავნილია რუსეთის სამედიცინო საექსპერტო ბიუროში და ამ უკანასკნელის მიერ მიღებული დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი ცხედრის ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენება.
ოკუპირებულ ახალგორში იძულებით მყოფი ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის საკითხთან დაკავშირებით,დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მიმდინარეობს ე.წ. გამოძიება და მის დასრულებამდე ზემოთ ხსენებულ პირებს ახალგორის დატოვების საშუალება არ მიეცემათ .
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის კატეგორიულად მიუღებელია დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას ,რათა დროულად მოხდეს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის საოკუპაციო ძალებს და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მყოფ საქარათველოს მოქალაქეებს- იოსებ პავლიაშვილს და ლევან ქუტაშვილს, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მისცენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0