საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია გახსნა და ავტოკეფალიის აღდგენისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა.
კონფერენციას საქართველოს პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო ესწრებოდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და არსებული გამოწვევების დაძლევის წინაპირობად იერარქიული წესრიგის დაცვისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემაზე ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარების წინაშე მდგარ ურთულეს გამოწვევებს შორის საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ცალკეული მოქალაქეების გადაჭარბებული აგრესიის დონე, განსხვავებული აზრის მიუღებლობა და საზოგადოებაში გამეფებული უიმედობა დაასახელა.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას თავისი განვითარების გზა გვაქვს – სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს, ეკლესიებს და სახელმწიფოს, არის საკითხები, რომლებშიც ჩვენ ყველანი ვთანხმდებით. ეს არის საკითხები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის მიზანს და ზრუნვის საგანს წარმოადგენს: ეს არის ჩვენს საზოგადოებაში არსებული მაღალი აგრესიის დონე, განსხვავებულის მიუღებლობა, მზაობა, რომ განსხვავებული დათრგუნონ, და გაანადგურონ.
ყოველი ჩვენთაგანისთვის – ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქე ამ თვალსაზრისით არ იყოს ორიენტირებული აგრესიაზე და სხვის განადგურებაზე.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაბნეულ, ხშირად ღირებულებამოშლილ, არეულ გარემოში ჩვენი მოქალაქე არ იყოს უიმედოდ, ხედავდეს თავისი ყოფის, თავისი ცხოვრების ლოგიკურ მიზანს, არ იყოს ისეთ გარემოში, რომელშიც ხვალინდელი დღე უპერსპექტივო ჩანს.
ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ეკონომიკურ ან ყოფით პირობებზე, სულიერი უიმედობა ბევრად უფრო რთულია და ბუნებრივია, ეკლესიაც, ძირითადი საზოგადოებრივი ჯგუფებიც და სახელმწიფოც მოწოდებულია იმისთვის, რომ მოქალაქისთვის ეს ყოფა გახადოს იოლად გადასატანი, აჩვენოს და დაუსახოს მას მიზანი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებაში აგრესიულობის დონის შესუსტების წინაპირობად იერარქიულობის წესის დაცვა და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა დაასახელა.
“ეს ერთერთი წინაპირობა საზოგადოებაში აგრესიის შესუსტებისა. როდესაც ინგრევა ძირითადი ინსტიტუტები, ამას მოჰყვება, არამხოლოდ უბრალოდ თავისუფლება, არამედ მოყვება მნიშვნელოვანი ზიანი, იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც ამ დანგრევაში არ მონაწილეობს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.