საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. ფონდის მთავარ ექსპერტებთან – ლორა როზენბერგერთან, დევიდ სალვოსთან, ჯეიმი ფლაისთან, ჯონათან კატცთან და სტივენ კილისთან გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა იყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ექსპერტებს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო. ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის შესახებ ისაუბრა.
მხარეებმა ასოცირების განხორციელების მიმდინარეობაზე იმსჯელეს და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„დღეს იწყება ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ვიზიტის ფარგლებში შევხვდებით კონგრესის ქვედა პალატის სპიკერს, ასევე, კონგრესმენებს, სენატორებს, გვექნება შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან. საუბარი გვექნება ორმხრივ თანამშრომლობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ასევე, ჩვენს კოლეგებსა და მეგობრებს გავაცნობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ჩვენს ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებს, გვექნება საუბარი ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტზე, მათ შორის, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე, რაც ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება“,- განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.