ზაზა გაბუნია რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა

04/02/2018

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისთვის თემატური და რეგიონებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. მხარეებმა ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელთა გადასაწყვეტად, საკანონმდებლო და საპარლამენტო მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

„დღეს შედგა ჩემი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის და ყველა რეგიონის გუბერნატორის სამუშაო შეხვედრა პარლამენტში. მე მიმოვიხილე ის საკითხები, რაც საყურადღებოა დღევანდელი დღის გადმოსახედიდან ჩვენი კომიტეტისთვის რეგიონის მასშტაბში. შევეხე ყველა აქტუალურ თემას და თავის მხრივ, გუბერნატორებმაც ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელიც საჭიროებს საკანონმდებლო და საპარლამენტო მხარდაჭერას“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაზე გამახვილდა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიულად გადაჭრის პროცესში, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ კოორდინაციას, პოლიტიკის შემუშავებას და შესრულების პროცესზე შემდგომ დაკვირვებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ ვისაუბრეთ კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაზე. ვგეგმავთ გასვლითი საკომიტეტო სხდომების გამართვას რეგიონებში, იმიტომ, რომ კომიტეტი პოლიტიკის შემუშავებასთან ერთად, ახორციელებს დაკვირვებას პოლიტიკის შესრულების პროცესზე და ეს უკუქცევითი ხასიათის ურთიერთობა, როდესაც კომიტეტი მუშაობს საპარლამენტო სივრცეშიც და კომიტეტი ადგილზე ხედავს იმ საჭიროებებს, რომელიც რეგიონებში არსებობს, ვფიქრობ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ პოლიტიკა, რომელიც რეგიონებს ეხება და რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ, იყოს ეფექტიანი, მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული. ორმხრივი თანამშრომლობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და იმ სუბიექტებთან, რომლებიც არიან წარმომადგენლები აღმასრულებელი ხელისუფლების, როგორც რეგიონების ხელმძღვანელები, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის და ურთიერთობის მზადყოფნა დაადასტურეს. შეხვედრას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარესთან ერთად, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია და კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0