აჭარის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

30/01/2018

აჭარის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სასტუმრო „ჰილტონში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წევრები, საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენლები, ქალაქ ბათუმის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

უმაღლესი საბჭოს 14 წევრის ხელმოწერით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვები მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან დაიწყო. მოსახლეობის პარალელურად, შეხვედრები გაიმართა ადვოკატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აკადემიური წრეების, სტუდენტ-ახალგაზრდობისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

12-წევრიანი საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში კვოტები უმაღლეს საბჭოში შემავალი პოლიტიკური ძალების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა. გარდა ამისა, კომისიაში ჩართულები არიან არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია 2 კვირის ვადაში უზრუნველყოფს აღნიშნული კანონის პროექტის საჯარო განხილვას, რის შემდეგაც ის უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომისიებში ჩაეშვება განსახილველად. კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სამი მოსმენით მიიღება.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ ახალი კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ვალდებულია აჭარის კონსტიტუციის ცვლილებები საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 20 აპრილისა.

,,ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა დღეს საორგანიზაციო კომისიასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები. სწორედ კომპეტენციების გადანაწილებაზე იყო დღეს საუბარი. განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც უნდა შევიდეს აჭარის კონსტიტუციაში. ასევე, მოვისმინეთ იმ 9 შეხვედრის ანგარიში, რომელიც გაიმართა მაღალმთიან აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიეტში, ბათუმში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ მონდომებულები ვართ მოვისმინოთ ხალხის აზრი. მთავარი ამოსავალი წერტილი არის ხალხის ინტერესების გათვალისწინება. და ზუსტად აქ იქნება სწორი კონსესუსი და სწორი გამოსავალი ნაპოვნი. რაც შეეხება კომპეტენციებს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აჭარაში უფლებამოსილებები იზრდება. როგორც კი საკონსტიტუციო კანონი იქნება მიღებული ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ და მივიღოთ სწორი მოდელი. ჩვენ დაინტერესებულები ვართ მაქსიმალურად მოხდეს გაძლიერება ჩვენი სტრუქტურების, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოსი”-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0