გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობაში, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 მაისს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში გ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ა.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც ა.მ.-მ მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.
იმავე დღეს გ.მ. ასევე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ.ს.-ს ფიზიკურად გაუსწორდა, იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში ძლიერად სცემდა დაზარალებულს, რამაც გულმკერდის დახურული ტრავმა და ნეკნების მოტეხილობა გამოიწვია, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მივიდნენ, ძალადობის გზით წინააღმდეგობა გაუწია და მათ ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა.
სამართალდამცველებმა გ.მ. 2017 წლის 6 მაისს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 1290 ერთეული სხვადასხვა კალიბრის ვაზნა და ფეთქებადი ნივთიერება – საარტილერიო დენთი.
გ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ორი ეპიზოდი), 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ჩადენილი ძალადობით), 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
გორის რაიონულმა სასამართლომ გ.მ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში, ძალადობაში, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
25/01/2018