ჩვენი ორი ისტორიული ტერიტორიის ოკუპაცია წარმოადგენს დიდ პრობლემას

24/01/2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში – Strategic outlook: Eurasia მიიღო მონაწილეობა.

კითხვა – ბატონო პრემიერ-მინისტრო, უკვე 10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. გვითხარით, როგორი ურთიერთობა გაქვთ დღეს მოსკოვთან და როგორ აბალანსებთ ამ ურთიერთობებს საქართველოს სურვილთან – მოახდინოს უფრო ღრმა ინტეგრაცია დასავლეთთან?

გიორგი კვირიკაშვილი – გმადლობთ. სამწუხაროდ, ჩვენს წინაშე დგას 2008 წლის მემკვიდრეობა. ჩვენ დღესაც გვიწევს იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული. ჩვენი ორი ისტორიული ტერიტორიის ოკუპაცია წარმოადგენს დიდ პრობლემას, რომელთანაც გამკლავება ჩვენ გვიწევს კონსტრუქციული, მაგრამ, ამავე დროს, პრინციპული მიდგომის მეშვეობით, ანუ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თანმიმდევრული პოლიტიკის გათვალისწინებით. ეს პოლიტიკა ეფუძნება გარკვეულ ღირებულებებს. ჩვენ დღესაც უნდა ვეძებოთ შეხების სფეროები, წერტილები რუსეთთან, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდეს ამოსავალი წერტილი პოზიტიური დისკუსიების დასაწყებად კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრის შესახებ.

კითხვა – მაგალითებს ხომ ვერ მოიყვანდით?

გიორგი კვირიკაშვილი – ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი და, რასაკვირველია, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა იგი არ არის ერთადერთი ან, თუნდაც, დომინანტი ბაზარი საქართველოსთვის, რადგანაც ჩვენი ექსპორტი დივერსიფიცირებულია. ამასთან, ძალიან დადებითი მოვლენაა, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვმასპინძლობთ დაახლოებით ერთ მილიონ ტურისტს რუსეთიდან. ჩვენ ცალმხრივად დავაწესეთ უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და არ ფიქსირდება არც ერთი კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე რუს ტურისტებთან. ყოველივე ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი ამოსავალი წერტილი, რათა წამოვიწყოთ პოლიტიკური დისკუსიები კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით.
მეორე მხრივ, რუსეთმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ფუჭია იმის მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა შეეგუება „არსებულ რეალობას“, როგორც ისინი ამას უწოდებენ, ანუ ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე ე.წ. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობას. ასე რომ, ჩვენი დისკუსიები უნდა დაეფუძნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, რაც უნდა იყოს კიდეც ჩვენს რეგიონში ნებისმიერი დისკუსიის ქვაკუთხედი ისევე, როგორც საქართველოს სუვერენული მისწრაფებები.
თქვენ მკითხეთ საქართველოს პოლიტიკაზე რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებთან ბრძოლაში. გიპასუხებთ, რომ, როგორც პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, მეგობრული ურთიერთობები მეზობლებთან, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია. აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ყაზახეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტები. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანსა და თურქეთთან; ტრადიციულად კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები სომხეთთან. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, „აბრეშუმის გზის“ და სხვა ახალმა პროექტებმა ახალი დინამიკა შემოიტანა ჩვენს რეგიონში. რასაკვირველია, შეუძლებელია ყოველივე ამის მიღწევა რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, რაც შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი წინაპირობა მდგრადი მშვიდობისთვის. რას ნიშნავს სტაბილურობა საქართველოსთვის?! სტაბილურობა საქართველოსთვის ნიშნავს ქვეყნის პოზიციონირებას იქ, სადაც ჩვენ ვართ – აქ საუბარია ღირებულებებზე. საქართველოსთვის კი, ჩვენ დავისახეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც სტრატეგიული პრიორიტეტი, და ნელ-ნელა ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას ჭეშმარიტად ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნად; ქვეყნად, რომელიც უნიკალურია თავისი ღიაობის თვალსაზრისით. ვგულისხმობ ვაჭრობას, თავისუფალ ვაჭრობას როგორც ევროკავშირთან, ისე – ჩინეთთან, ასევე, მეზობელ ქვეყნებთან, რუსეთის ჩათვლით. რასაკვირველია, ასევე საუბარია შიდა სტრუქტურულ რეფორმებზე, საფუძვლიან რეფორმებზე, რომლებიც აქცევს საქართველოს ნამდვილად დემოკრატიულ სახელმწიფოდ.
ეს არის ჩვენი მე-5 მუხლი. ჩვენ არ გვაქვს ნატოს მფარველობა, მაგრამ გვაქვს პარტნიორობა დასავლეთთან და კეთილმეგობრული ურთიერთობები, ასევე საერთო ინტერესების წერტილების მუდმივი ძიება, წარმოადგენს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ფორმულას.
კითხვა – ყველასთვის ცნობილია, რა მოხდა უკრაინაში, როცა მისი მოლაპარაკებები ევროპასთან ოდნავ უფრო სწრაფად წარიმართა, ვიდრე ეს რუსეთს მოეწონებოდა. დარწმუნებული ვარ, თქვენ ამაზეც ფიქრობთ, როცა აწარმოებთ მოლაპარაკებებს ბრიუსელთან და თქვენს ევროპელ პარტნიორებთან. როგორ არეგულირებთ ამ საფრთხეს?

გიორგი კვირიკაშვილი – საფრთხეები ყველგან არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა ევროკავშირთან, ევროპულ სტანდარტებთან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის დაახლოების კუთხით. სამწუხაროდ, უკრაინა დადგა რუსეთის გამოწვევის წინაშე და მისი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც უკვე ვახსენე, ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს რეგიონულ კონფლიქტებთან დაკავშირებული დისკუსიების ქვაკუთხედი. ეს არის პრინციპი, რომლის ეჭვქვეშ დაყენება დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავდგებით დიდი პრობლემების წინაშე არა მხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური მასშტაბით.

კითხვა – ეს საშური მისწრაფებაა, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ უკრაინას თითქმის უკვე ხელი უნდა მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებაზე, რუსეთმაც გადაწყვიტა, რომ შესულიყო [უკრაინაში]. იმ დროს, როცა თქვენ ცდილობთ უფრო დაუახლოვდეთ დასავლეთს, არის თუ არა ისეთი რამ, რის გაკეთებაც თავიდან აგაცილებთ რუსეთის ზედმეტად გაღიზიანებას?

გიორგი კვირიკაშვილი – აქ საუბარია ყოველდღიურ პრობლემებზე საქართველოში: ჩვენ ვდგავართ რუსეთის მხრიდან საფრთხეების წინაშე. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინაზეც – მართალია, ერთი შეხედვით, სიტუაცია შეიძლება განსხვავებული ჩანდეს, მაგრამ ფორმულა იგივეა. ჩვენ ვცდილობთ, დავანახოთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს – რუსეთს, რომ საქართველოს პოლიტიკა, დასავლური საზოგადოების წევრობასთან დაკავშირებით, არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. ის არ არის მიმართული ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით. რუსეთი ბუნებრივად უნდა იყოს დაინტერესებული სამხრეთით სტაბილური მეზობლის ყოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვეძებოთ პოზიტიური პლატფორმები, სადაც შევძლებთ საერთო ინტერესების გამონახვას, სადაც ჩვენ შევძლებთ პოზიტიური დისკუსიების წამოწყებას ჩვენ შორის არსებული მემკვიდრეობით მიღებული პრობლემების პოლიტიკური გზით მოგვარების შესახებ.

კითხვა – განუმარტავს თუ არა მკაფიოდ რუსეთს ოდესმე თავისი ე.წ. წითელი ხაზები?

გიორგი კვირიკაშვილი – პერიოდულად ჩვენ ვისმენთ განცხადებებს ნატოსთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების შესახებ, მაგრამ ეს არის ქართველი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ვიმეორებ, რომ იგი არ არის მიმართული რეგიონში ვინმეს წინააღმდეგ.

კითხვა – ბატონო პრემიერ-მინისტრო, ცხადია, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიაღწევს წარმატებას განვითარების თვალსაზრისით, თუკი არ არის მოგვარებული კორუფციის საკითხი. ბოლო წლებში თავისი ძალისხმევის წყალობით, საქართველო იქცა რეგიონის ვარსკვლავად. ორიოდე სიტყვით თქვენი წარმატების მიზეზების შესახებ. ასევე, რა გაკვეთილი შეიძლება გამოიტანონ ჯერ კიდევ მყარად გამჯდარი კორუფციის მქონე ქვეყნებმა საქართველოს მაგალითზე?

გიორგი კვირიკაშვილი – გმადლობთ. პირველ რიგში, კორუფციას ვერ განვიხილავთ, როგორ ცალკე მდგარ გამოწვევას სხვა გამოწვევათა რიგში. აქ საუბარია რეფორმების სრულ კომპლექსზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. ვგულისხმობ ეკონომიკის ღიაობას, სავაჭრო ბარიერების გაუქმებას (არა მხოლოდ სატარიფო, არამედ არასატარიფო ბარიერებს), საზღვრის გადაკვეთის პროცედურების მუდმივ გაუმჯობესებას და საფუძვლიან შიდა რეფორმებს.

შარშან საქართველო გახდა “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანა. თავმჯდომარეობა ჩვენ საფრანგეთისგან გადავიბარეთ. ჩვენ ვახორციელებთ საფუძვლიან რეფორმებს.

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ინვესტორთა საბჭო, რომელშიც შედიან ბიზნესსაზოგადოების ძირითადი წარმომადგენლები, ბიზნესასოციაციების ლიდერები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და რამდენიმე მინისტრი. ჩვენ ვმართავთ კვარტალურ სხდომებს, რათა განვიხილოთ ყველა მომავალი ცვლილება რეგულაციებსა და კანონმდებლობაში, რათა თავიდან ავიცილოთ რაიმე ნეგატიური მოულოდნელობა ბიზნესსაზოგადოებაში. ყველაფერი გამჭვირვალეა.

ციფრული ეკონომიკა: ჩვენ ვახორციელებთ ერთიანი ფრონტ ოფისის პროექტს – ეს არის „ბიზნესსახლი“, რომელიც მოიცავს როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ სივრცეს. სახელისუფლებლო უწყებებს ჩამოვაშორებთ არსებულ ფრონტ ოფისებს, რათა თავი მოვუყაროთ მათ ერთ კონკრეტულ სივრცეში, საქართველოს დედაქალაქში და რეგიონულ ცენტრებში. ამის პარალელურად, ჩვენ ვქმნით ერთიან ციფრულ ფრონტ ოფისს, რომელიც მომსახურებას გაუწევს არა მხოლოდ კერძო პირებს (რაც უკვე ფუნქციონირებს საქართველოში), არამედ – იურიდიულ პირებსაც.

ყოველივე ეს გულისხმობს გამჭვირვალობის დონის შემდგომ ზრდას, კორუფციის ალბათობის შემდგომ შემცირებას, რადგანაც ყველა სახის მომსახურება თავმოყრილი იქნება ერთ ფიზიკურ და ციფრულ სივრცეში.

ფისკალური პოლიტიკა: 2017 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწია თითქმის 5%-ს – 4.9%-ით, წინასწარი მონაცემებით. ჩვენი ტურიზმი გაიზარდა 28%-ით. ჩვენი ექსპორტი გაიზარდა 29%-ით, ხოლო ჩვენი მიმდინარე დეფიციტი შემცირდა 12%-დან 7%-მდე. ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა 4.9%-დან 3%-მდე. ასე რომ, ყველა მონაცემის თანახმად, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მაკროეკონომიკური გარემო.

რასაკვირველია, ყოველივე ეს ასახულია საერთაშორისო რეიტინგებში. ნება მომეცით, გაგაცნოთ რამდენიმე მაგალითი.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მაკროეკონომიკური გარემოს კატეგორიაში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 89 ადგილით და ქვეყანამ 137-ე ადგილიდან გადაინაცვლა 48-ე ადგილზე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ბაზარზე დომინანტის მოცულობის კატეგორიაში, 2012 წელთან შედარებით, დაფიქსირდა გაუმჯობესება 45 ადგილით და ქვეყანამ 112-ე ადგილიდან 67-ეზე გადაინაცვლა.

ჩვენ ვართ რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა. რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდუსტრიის დემონოპოლიზაცია.

კერძო საკუთრების დაცვის კატეგორიაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოსთვის, 2012 წელს, სულ რაღაც ხუთი წლის წინ, ჩვენ ვიყავით 120-ე ადგილზე. დღეს კი საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 74 ადგილით, ანუ ვართ 46-ე ადგილზე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის თანახმად.

მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მე-9 ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. საერთაშორისო გამჭვირვალობის, Heritage Fundation-ის და სხვათა თანახმად, კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიაში ჩვენ გვაქვს 10-15%-იანი გაუმჯობესება ყოველწლიურად.

რა არის ამის მიზეზი? პასუხი პოლიტიკურ ნებაშია, მთელი გუნდის მიზანდასახულობაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო წერტილი. ჩვენ განვიხილავთ ამ დინამიზმს არა მხოლოდ თანამიმდევრულობის, არამედ რეფორმების განხორციელების სისწრაფის კუთხითაც, როგორც ქვეყნის წარმატების მნიშვნელოვან წინაპირობას.

საერთაშორისო პროექტები, ქვეყნის ადგილმდებარეობა წარმოადგენს ძირითად ასპექტს, მაგრამ, ამავე დროს, დამატებით ღირებულებასაც, რომელიც არსებითია იმისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ქვეყანაში.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტმა შეცვალა ქვეყნის სატრანსპორტო რუკა. ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ცენტრალური აზიის ქვეყნების, მაგალითად, ყაზახეთის, ასევე აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ევროპის ჩართულობა – მატარებელს, რომელიც გამოვიდა ჩინეთიდან, დასჭირდა მხოლოდ 9 დღე, რათა ჩამოსულიყო საქართველოში. ეს არის დიდი მიღწევა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნისთვის, არამედ ამ პროექტში ჩართული ყველა ქვეყნისთვის.

კითხვა – მოდით, ორიოდე სიტყვით ისევ კორუფციის თემას დავუბრუნდეთ. როგორც უკვე ვახსენეთ, ცხადია, რომ ქვეყანა ვერ გამდიდრდება, თუკი ის ვერ აღმოფხვრის კორუფციას. მე მაინტერესებს, პირიქით ვარიანტი თუ გვხვდება? ანუ, ქვეყანა, თუკი არ არის შეძლებული, ვერ ახორციელებს ეფექტიან ბრძოლას კორუფციასთან. ასეთი გამოწვევა თუ ფიქსირდება საქართველოს შემთხვევაში?

გიორგი კვირიკაშვილი – ეს მართლაც არის გამოწვევა, რა თქმა უნდა. დღესდღეობით დემოკრატიის ხარისხს საქართველოში გამოწვევის სახით შეიძლება დაემუქროს სოციალური მდგომარეობა. ეს მართლაც არის დიდი გამოწვევა, რომელიც ეხება ეკონომიკურ განვითარებას და, ზოგადად, სიღარიბესთან ბრძოლას ქვეყანაში – ეს არის ქვეყნის განვითარების წინაშე მდგარი უდიდესი გამოწვევა.
სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სპეციალური სახელმწიფო პროექტების შემუშავება, რომლებიც გულისხმობს სიღარიბის დონის შემცირებას, სიღარიბის აღმოფხვრას. სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ჩვენ ყურადღებას დამწყები ბიზნესის მხარდაჭერაზე, სპეციალური ეკონომიკურ პროექტებზე სოფლად – მიკრო გრანტების პროექტებზე, პროექტზე „აწარმოე საქართველოში“, დამწყები ბიზნესების ხელშეწყობაზე, განსაკუთრებით რეგიონებში, რაც ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით.
ბიზნესის შექმნის ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ საბანკო სესხების სუბსიდირებას – მხოლოდ სასტარტო პერიოდში, რათა უარყოფითი გავლენა არ მოვახდინოთ კონკურენტულ გარემოზე. ასევე უნდა ვახსენო კომერციულ ბანკებთან ურთიერთობებში დამწყები ბიზნესების საგარანტიო ვალდებულებებში თანამონაწილეობა. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ახალ სფეროებში (ჰიდროპონიკა და წარმოების სხვა დარგები) უცხოელი ექსპერტების მოწვევა, დაფინანსება. ასე რომ, ლაპარაკია მთავრობის მხრიდან კომპლექსურ ზომებზე, რომელთა მიზანიცაა, ზოგადად, ქვეყანაში სიღარიბისგან მომავალი რისკების მინიმიზაცია.
ჟან-ივ შარლიე – ნება მომეცით, ჩაგერთოთ. ჩვენთვის, როგორც ინდუსტრიული მოთამაშეებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ასევე, პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების ხარისხი. დღეს ჩვენ ნათლად ვხედავთ იმ სიმარტივეს, რომელიც ახასიათებს საერთაშორისო ინვესტორების მიერ ბიზნესის წარმოებას საქართველოში. ვხედავთ, რომ, ზოგადად, რეგიონშიც მიმდინარეობს სულ უფრო აქტიური რეფორმები ამ მხრივ. ჩემი აზრით, კორუფციის საკითხი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ამ კონტექსტში, სადაც უნდა იყოს ნულოვანი ტოლერანტობა, როგორც ეს ნაგულისხმებია ჩვენს პოლიტიკაში. და ჩვენთვის ნათელია საქართველოს წინსვლა ამ მიმართულებით. ასე რომ, მხოლოდ დავადასტურებ ყველაფერს, რაც პრემიერ-მინისტრმა უკვე თქვა.

კითხვა – დავუბრუნდეთ კორუფციის შესახებ ჩემი შეკითხვის ბოლო ნაწილს. ეხმარება თუ არა საქართველო, ან შეუძლია თუ არა საქართველოს, გამოიყენოს თავისი გამოცდილება და დაეხმაროს თავის მეზობლებს, მათ, ვისაც ნაკლები პროგრესი აქვს კორუფციასთან ბრძოლაში?

გიორგი კვირიკაშვილი – დახმარებას ვერ დავარქმევ, მაგრამ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. “ღია მმართველობის პარტნიორობის” პლატფორმის ფარგლებში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან. ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებას. ეს ინიციატივა კი ცალმხრივი ვერ იქნება. ის ყოველთვის ორმხრივად სასარგებლოა. ჩვენ არ უნდა შევხედოთ სხვა ქვეყნებს, თითქოს რაღაცნაირად განვსხვავდებით მათგან. ჩვენ ერთ რეგიონში ვცხოვრობთ. შეიძლება, ამა თუ იმ მიმართულებით ჩვენ მეტი წარმატება გვაქვს, მაგრამ სხვა სფეროებში მოვიკოჭლებთ. ასე რომ, ყველაფერში ყველაფრის მასწავლებლები ვერ გავხდებით.
ნება მომეცით, დავუბრუნდე განათლების საკითხს. მე რამდენიმე წელია, მთავრობის წევრი ვარ. ვიყავი ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ გავხდი პრემიერ-მინისტრი. ამ დროის განმავლობაში მქონდა შეხვედრები მეწარმეებთან, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები ახალი ტექნოლოგიების იმპორტთან დაკავშირებით. როგორც კი ისინი იწყებდნენ ახალ პროექტს, ყოველთვის აწყდებოდნენ კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემას. ვუსმენდი ამ ჩივილს – „პრობლემა მაქვს ჰოლანდიიდან, გერმანიიდან იმპორტირებული ძროხებისთვის კვების სპეციალისტის პოვნასთან დაკავშირებით“, „ვერ ვპოულობ კომპიუტერული პროგრამების დეველოპერს ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიისთვის, რომელიც საქართველოში შემოდის“.
ჩვენ წამოვაყენეთ კერძო კომპანიებთან ერთად პროფესიული განათლების თანადაფინანსების იდეა. ეს საკითხი იქცა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ჩვენი ქვეყნისთვის. უმაღლეს და პროფესიულ განათლებას შორის, ზოგადად, ძალიან არაჯანსაღი პროპორციის შეცვლა და ქვეყანაში პროფესიული განათლების პრესტიჟულობის ამაღლება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი.
ჩვენ მაგალითად ავიღეთ ორმაგი განათლების გერმანული მოდელი, რომელიც ასევე გამოიყენება შვეიცარიაში, ავსტრიაში. ჩვენ ვსწავლობთ მათ გამოცდილებას და ქვეყანაში ვაშენებთ პროფესიული განათლების ძალიან წარმატებულ მოდელს, კერძო კომპანიებთან ერთად ვახორციელებთ მის თანადაფინანსებას კერძო-საჯარო პარტნიორობის ინიციატივების ფარგლებში, რითაც ვპასუხობთ კერძო სექტორის გადაუდებელ საჭიროებებს და, ამავე დროს, ახალგაზრდებს და არა მხოლოდ – ყველას ვაძლევთ სწრაფი დასაქმების შესაძლებლობას, პროფესიული განათლების მიღების დასრულებისთანავე.
კითხვა – ამჟამად მიმდინარეობს გლობალური კონკურენცია ნორმების დადგენაში. ევროკავშირი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნორმების დამდგენი ორგანიზაციაა მსოფლიოში. საქართველომ გააკეთა მკაფიო არჩევანი ევროკავშირის ნორმებთან მაქსიმალურად დაახლოებასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რამდენად წონიანია ევროპული ნორმები რეგიონში? რა გზებით შეუძლიათ ევროპელებს რეგიონში თავიანთი ნორმების დომინირების უზრუნველსაყოფად?
გიორგი კვირიკაშვილი – შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ ნორმებში?
კითხვა – ნორმების კომპლექტი, რომლებითაც იმართება ვაჭრობა და მომსახურება, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ვაჭრობის განვითარებისთვის. ჩვენ ვიცნობთ აშშ-ის და ევროკავშირის მიერ შემუშავებულ ნორმებს. არის მათი შერწყმის შემთხვევებიც, მაგრამ არის განსხვავებებიც. საინტერესოა, როგორ უყურებენ ამ საკითხს სხვადასხვა ქვეყანაში? ასევე ბიზნესწრეების შეხედულება.
გიორგი კვირიკაშვილი – ორიოდე სიტყვით რომ შემოვიფარგლო, შუალედურ და უფრო გრძელვადიან ჭრილში საქართველო თვლის, რომ ის არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ასე რომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, მივიღოთ ევროკავშირის ყველა რეგულაცია და ნორმა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეტაპობრივი დაახლოების დღის წესრიგი და სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ევროპული ნორმების დანერგვას წინასწარ შემუშავებული გრაფიკით. ახლახან ჩვენ შევიმუშავეთ კიდევ უფრო აქტიური დღის წესრიგი 2020 წლისთვის, რომელიც სცდება განრიგის ფარგლებს, ანუ წინ უსწრებს მას ევროპული ნორმების დანერგვის კუთხით.
ჯერჯერობით შეინიშნება მხოლოდ პოზიტიური დინამიკა, რომელიც ახლავს ევროპული ნორმების დანერგვის პროცესს, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს ევროპის ბაზარზე როგორც პროდუქციის, ისე მომსახურების ექსპორტის კუთხით.
ჩვენი ასოცირების ხელშეკრულების თანახმად (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ჩათვლით), ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა ევროპულ ბაზარზე. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? ის არ იქნება ასეთი მნიშვნელოვანი, თუკი მას განვიხილავთ, როგორც ცალკე მდგარ, განყენებულ შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. გარდა ამ შეთანხმებისა, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (მაგალითად, შვეიცარიასთან და ასოციაციის სხვა წევრ ქვეყნებთან), ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ასევე ჩინეთთან.
როცა დავიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, მახსოვს სკეპტიციზმი და შიში ქვეყნის შიგნით, ბიზნესის წარმომადგენელთა შორის, შიში, რომ ამან შეიძლება დაასამაროს საქართველოს ინდუსტრიული განვითარების პერსპექტივები. ასე არ მოხდა. საქართველოში შეინიშნება სრულიად საპირისპირო ტენდენცია. ჩინური კომპანიები განიხილავენ საქართველოს, როგორც წარმოების პოტენციურ ადგილს, ცენტრს, სულ მცირე, პროდუქციის ნაწილობრივი წარმოების კუთხით, რათა ეს ნაწარმი გაიყიდოს ევროპის ბაზარზე, და პირიქით.
დღეს ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ინდურ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ფილიალების გახსნით ბიზნესის აუთსორსინგის მიზნით. ეს კი ნიშნავს, რომ საერთაშორისო ვაჭრობისთვის გახსნას მეტი პერსპექტივა მოაქვს, ვიდრე დაბრკოლება.
სწორედ ამას ცხადყოფს საქართველოს გამოცდილება და ეს არის თავისუფალი ვაჭრობის სარგებლიანობის იდეალური ემპირიული დადასტურება საქართველოს მაგალითზე.
გმადლობთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0