ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

12/01/2018

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, ხევი-ჩუმათელეთის საავტომობილო გზასთან დაკავშირებით, საგზაო დეპრტამენტის გარემოს უსაფრთხოების კონსულტანტს მაია ვაშაკიძეს და შპს „ეკოსპეკტრის“ კონსულტანს ირაკლი კავილაძეს შეხვდა. შეხვედრას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ახალი პროექტის მიხედვით სოფელ ხევში შენარჩუნდება საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა, უსაფრთხოების მიზნით კი, გაკეთდება გადასასვლელი და ხმაურდამცავი ბარიერი. პროექტის მიხედვით ლიკვიდაცია ეხება ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე მდებარე თითქმის ყველა რესტორანს.
მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ცენტრალური მაგისტრალიდან არსებულ სახლებამდე მისასვლელ გზებს და შესახვევებს.
გარემოს დაცვის კონსულტანტის განმარტებით, პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება კერძო სახლებთან არსებული მისასვლელი გზები, მოეწყობა სოფლის შესასვლელები და გამოსასვლელები. მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები, მოეწყობა ხმაურდამცავი ბარიერები. ასევე, გათვალისწინებულია ცხოველთა გადასასვლელების მოწყობაც.
მაია ვაშაკიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობაზე 60-70% ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. გარემოს დაცვის კონსულტანტი ამბობს, რომ ამ მოთხოვნას ოფიციალურად აყენებს საგზაო დეპარტამენტი.
ხარაგაულის მერის განცხადებით, ადგილობრივების დასაქმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, ნიკოლოზ თოფურიძე უახლოეს მომავალში წერილით მიმართავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა სამომავლოდ, პროექტის დასრულების შემდეგ, ავტობანზე მოხდეს აგრარული ბაზრების მშენებლობა. მოსახლეობას, რომელიც არსებული გზის მიმდებარედ ვაჭრობს, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ისევ მოახდინოს თავისი პროდუქციის რეალიზაცია.

ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთ (E60) ავტომაგისტრალის ერთერთი ურთულესი მონაკვეთია. გზის სიგრძე 11 კილომეტრია. ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და მგზავრობის დროის შემცირებას.
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც დაიწყება არსებული რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, სოფელ ჩუმათელეთში და დასრულდება სოფელ ხევში. პროექტს მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკი ხელშეწყობით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0