სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

12/01/2018

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 120-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 27 სექტემბერს, დღის საათებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ზ.მ.-ს თელავის რაიონის სოფელ კონდოლში გ.ლ.-სთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სავარჯიშო გირი გ.ლ.-ს თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად გ.ლ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ გ.ლ.-ს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ზ.მ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე ი.ჩ.-ს და ზ.ჩ.-ს ხელკეტით განზრახ მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო გ.ფ.-ს სცემა და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა. სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ ზ.მ.-მ 2017 წლის 31 ივლისს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, პირადი წყენის გამო, შურისძიების მოტივით ლ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც რამდენჯერმე დაარტყა სახისა და სხეულის არეში. ზ.მ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა ზ.მ. 2017 წლის 27 სექტემბერს თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დააკავეს.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ზ.მ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0