ზაფხულის მემილიონე ტურისტს ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძზე შეხვდა

10/01/2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძს ეწვია და ზამთრის სეზონის მიმდინარეობას გაეცნო. ზურაბ პატარაძემ ტურისტული სეზონის დატვირთულობის და მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ კურორტ გოდერძის ხელმძღვანელისგან – ზურაბ ჭურკვეიძისაგან მოისმინა. როგორც აღინიშნა, წლევანდელ სეზონზე დაინტერესება ძალიან მაღალია და კურორტზე არსებული სასტუმროს და კოტეჯების განთავსების ადგილები სრულადაა დატვირთული. გოდერძს სტუმრობენ როგორც უცხოელი, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ტურისტები, რომლებიც განსაკუთრებულ კმაყოფილებას კურორტზე არსებული სასრიალო ტრასებით და თოვლის ხარისხით გამოხატავენ. ზურაბ პატარაძე შეხვდა კურორტ გოდერძზე მყოფ ტურისტებს, მათ შორის უკრაინელ ალექსი ტუჩაკს, რომელიც როგორც ბათუმის საბაგიროს მემილიონე სტუმარი ზაფხულში დაჯილდოვდა კურორტ გოდერძის ხუთდღიანი საგზურით. ალექსი ტუკაჩმა რეგიონის ხელმძღვანელს კურორტის შესახებ თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა. იგი ზაფხულში მეგობართან ერთად პირველად მოგზაურობდა საქართველოში და ბათუმის საბაგიროზე ყოფნისას იღბლიანი ვიზიტორი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ კურორტ გოდერძს განსაკუთრებულ პოპულარიზაციას უწევენ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი პირები. კურორტზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.
ზურაბ პატარაძემ კურორტზე დაათვალიერა წლევანდელ სეზონზე გახსნილი საბავშვო-სათხილამურო ხალიჩა, შეხვდა კურორტზე დასაქმებულ ადგილობრივებს, მთის კურორტების სააგენტოს თანამშრომლებს, ასევე სამაშველოს და სკი-პატრულის სამსახურების წარმომადგენლებს. როგორც რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, უნიკალური პოტენციალით გამორჩეული კურორტი გოდერძი სულ მალე იქნება ყველაზე მიმზიდველი ადგილი როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. მისი თქმით, ეს იქნება ადგილი, რომელიც სამთო-სათხილამურო ტურიზმის მოყვარულებს მოიზიდავს აჭარაში, რაც ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას როგორც კურორტ გოდერძის მიმდებარე სოფლებში, ისე ქალაქ ბათუმში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0