დაცვის პოლიციის თანამშრომლები საქართველოს ბანკის უსაფრთხოების დაცვას და რისკების პრევენციას შესაბამისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და „საქართველოს ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიგა ნიკოლეიშვილმა და „საქართველოს ბანკის“ ოპერაციების დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე გამყრელიძემ მოაწერეს.
დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრების დაცვას საპოლიციო ძალით, ხოლო ობიექტების პატრულირებას სპეციალურად ბანკისთვის გამოყოფილი სათანადოდ აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები განახორციელებენ.
მემორანდუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციასა და „საქართველოს ბანკს“ თანამშრომლობის გაღრმავება, ბანკის სერვისცენტრების, მათი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების გაძლიერება.
დაცვის პოლიციის თავმჯდომარემ, გიგა ნიკოლეიშვილმა „საქართველოს ბანკის“ ოპერაციების დირექტორის მოადგილეს, ალექსანდრე გამყრელიძეს დაცვის პოლიციის აღჭურვილობა და ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერებინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია საქართველოს ბანკის ინკასაციას 2013 წლიდან ახორციელებს.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი თანამშრომლები მუშაობენ, დაცვის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. დაცვის პოლიცია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს, ხოლო დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რისკები დაზღვეულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის მიერ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლები რისკების პრევენციის შესაბამისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით ეფექტურად უზრუნველყოფენ დასაცავი ობიექტების უსაფრთხოებას.
”საქართველოს ბანკს” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია დაიცავს
10/01/2018