თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად ძალაში დატოვა ე.წ. ,,ფოტოგრაფების“ საქმეზე მსჯავრდებული პირების დავით დევნოზაშვილის და ალექსანდრე მუხაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 20 ივლისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია:
2011 წლის 07 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ იქნენ ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპა“-ს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათელა გედენიძე, რომლებიც მოათავსეს შსს ქ.თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში.
შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით დევნოზაშვილმა გადაწყვიტა დაკავებულ ფოტოგრაფებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით, მათგან მიეღო წინასწარ შეთხზული აღიარებითი ჩვენებები ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ.
ამ მიზნის განსახორციელებლად დავით დევნოზაშვილი 2011 წლის 07 და 08 ივლისს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, არაოფიციალურად, ისე რომ მისი შესვლა არ დაფიქსირებულა რეგისტრაციის ჟურნალში, რამოდენიმეჯერ, ცალ-ცალკე შეხვდა დაკავებულ ცოლ-ქმარს ირაკლი და ნათელა გედენიძეებს, რომლებსაც ნათელა გედენიძის პირადი ცხოვრების ამსახველი პიკანტური ფოტოს გავრცელების მუქარით და შვილების მომავალზე შანტაჟით, იძულებით მიაცემინა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცრუ აღიარებითი ჩვენებები.
ასევე, N8 საპყრობილეში, დავით დევნოზაშვილი, ამავე საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის დახმარებით, რომელიც სამართალდამცავების და ფოტორეპორტიორების ფარული შეხვედრების ორგანიზებას ახდენდა, რამოდენიმეჯერ შეხვდა ზურაბ ქურციკიძეს, რომელიც ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით აიძულა მიეცა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენება.
მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დავით დევნოზაშვილმა აღიარებით ჩვენებებზე დაიყოლია ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე, იგი 2011 წლის 15 ივლისს, N8 საპყრობილეში, ღამის საათებში, ალექსანდრე მუხაძის დახმარებით, ფარულად შეხვდა გიორგი აბდალაძეს. ბრალდებულთან შეხვედრისას, დავით დევნოზაშვილი გიორგი აბდალაძეს ეუბნებოდა, რომ იგი ,,მათ ხელში“ იყო; ,,რაც უნდათ იმას უზამდნენ“. საუბარში უხსენებდა შვილს, რომელიც შეიძლება ავარიაში მოხვედრილიყო.
დავით დევნოზაშვილის მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო გიორგი აბდალაძემ და იგი დათანხმდა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებით ჩვენების მიცემას, რომლის შინაარსიც დავით დევნოზაშვილის მიერ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, რასაც ბრალდებული დაიზეპირებდა და მეორე დღეს, მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით იგი აღიარებით ჩვენებას ჩამოაყალიბებდა საგამოძიებო მოქმედება – დაკითხვის დროს, ვიდეოკამერაში. ამ მიზნით, დავით დევნოზაშვილი, მის თანმხლებ სამართალდამცავებთან ერთად, ბრალდებულის დაკითხვის ოქმში ჯაშუშობის გამოგონილი ისტორიის ასახვის მიზნით, რამოდენიმე საათის განმავლობაში აზეპირებინებდა გიორგი აბდალაძეს წინასწარ შეთხზულ ჩვენებას, რაც მეორე დღეს უნდა დაეფიქსირებინა ამ უკანასკნელს დაკითხვისას.
2011 წლის 16 ივლისს, დავით დევნოზაშვილის მიერ განსაზღვრული გეგმის/სცენარის მიხედვით, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გიორგი აბდალაძემ მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით, ვიდეოგადაღებით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედება – დაკითხვისას მისცა ცრუ აღიარებითი ჩვენება, რითაც მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია.
დავით დევნოზაშვილის მიერ ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ნათელა და ირაკლი გედენიძეების მიმართ განხორციელებულ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს შედეგად მოჰყვა ხსენებული პირების უფლების არსებითი დარღვევა პირადი ღირსების შეურაცხყოფით და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი ხელყოფა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით დევნოზაშვილს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით 4 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო ალექსანდრე მუხაძეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ამავე ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
გარდა ამისა, რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკანონოდ გასამართლებული ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ,,ფოტოგრაფების“ საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
09/01/2018