ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

20/12/2017

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია განხორციელდა, გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მოადგილეებთან და საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარესთან, ბექა დავითულიანთან ერთად გაეცნო. ადგილზე საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, ისნის გამგებელი კახაბერ ლაბუჩიძე და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილიც იმყოფებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უახლოეს მომავალში ყველა ის მოსახლე დაკმაყოფილდეს, რომელთაც სპეცოპერაციის შედეგად ზიანი მიადგათ. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, სამუშაოების მიმდინარეობაში მერიისა და გამგეობის ყველა შესაბამისი სამსახურია ჩართული, რათა კორპუსის რეაბილიტაცია რაც შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდეს. საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის განმარტებით კი, ამ დროისთვის კორპუსში 17 ოჯახი უკვე შესახლებულია. მისივე თქმით, დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, რომლებიც საკუთარ საცხოვრებელ სახლებს მათთვის მიყენებული ზარალის აღწერის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0