შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი, თეიმურაზ კუპატაძე დანიშნა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრაზე პოლიციელებს მადლობა გადაუხადა 22 ნოემბერს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვისთვის. გიორგი გახარიამ ღრმა მწუხარება გამოთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული ღონისძიების მთავარი სამმართველოს მებრძოლის დაღუპვის გამო.
„ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ გუშინდელი ღონისძიებისთვის. მინდა, გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველა იმ დაჭრილს, რომელებიც დღეს მკურნალობენ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის დაღუპვის გამო. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ დანაყოფს, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ ღონისძიებაში, რამეთუ ამ სპეცოპერაციის ძირითადი მიზანი იყო თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა, რაც მიღწეულ იქნა.
თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე ზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე – ამაზე მნიშვნელოვანი მისია დღეს ქვეყანაში არ არსებობს. თქვენ ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახე, მაგრამ ეს სახე უნდა იყოს თანამედროვე, რეფორმებზე და რა თქმა უნდა, პრევენციაზე ორიენტირებული. ჩვენ, თქვენთან ერთად, ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, ძალიან სერიოზული გარდაქმნები გველის, რათა გავხდეთ კიდევ უფრო ეფექტიანები. იმედი მაქვს, რომ ამ მიზანს უმოკლეს ვადებში მივაღწევთ“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
შეხვედრაზე გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.
„მინდა, წარმოგიდგინოთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი – თეიმურაზ კუპატაძე, ღირსეული ადამიანი, რომელიც თქვენი რიგებიდან არის. დარწმუნებული ვარ, იგი, თქვენთან ერთად, ღირსეულად გაართმევს თავს იმ მიზნებსა და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშე დგას,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
თეიმურაზ კუპატაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. მას საპატრულო პოლიციაში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს, იგი იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, ამავე სამმართველოს ათეულის მეთაური, შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, მცხეთა-მთიანეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი. 2017 წლის აგვისტოდან თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი, თეიმურაზ კუპატაძე დანიშნა
23/11/2017