ზურაბ პატარაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

16/11/2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე მეგრელიშვილი და აჭარის ა/რ სავაჭრო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ.
ვიზიტის მიზანს, აჭარასა და თურქეთის გუბერნიებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს. ვიზიტი ართვინის გუბერნიაში ოფიციალური დახვედრით დაიწყო, რის შემდეგაც აჭარის დელეგაციას ართვინის გუბერნატორმა, ომერ დოღანაიმ უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურისტულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ტემპებსა და რეგიონში მზარდ თურქულ ინვესტიციებზე. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და გაზრდილია ტურიზმის სტატისტიკის მაჩვენებლები.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ართვინის, რიზესა და ტრაპიზონის რეგიონების გუბერნატორებთან და მერებთან. ასევე, შეხვედრები გაიმართება ხოფისა და ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებში, რიზეს უნივერსიტეტსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0