გიორგი ხანიშვილი ლეციონის მერის მოადგილეს შეხვდა

15/11/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ისრაელის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტის რიშონ ლეციონის მერის მოადგილეს, იოსი ჰამამის, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტს, იციკ მოშეს და ისრაელის სახელმწიფოს ბიზნესდელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგში ისრაელის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
გიორგი ხანიშვილმა სტუმრებს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამები გააცნო და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ნაწილში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, საქართველოსთვის საინტერესოა ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილება ხილის, რძის პროდუქტებისა და თევზის წარმოების მიმართულებით; ასევე მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობა საწარმოო და გადამამუშავებელი მრეწველობის კუთხით.
ისრაელის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტის რიშონ ლეციონის მერის მოადგილის, იოსი ჰამამის განცხადებით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების, კერძოდ, მეთევზეობის, მესაქონლეობისა და ხილის წარმოების მიმართულებით. რიშონ ლეციონის მერმა საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0